დავით უსუფაშვილი - იმედით ვარ სავსე, რომ დღეს შედეგს მივაღწევთ, ეს არ იქნება ვინმეს გამარჯვება ან დამარცხება, გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს ოქტომბერში დავითვლით
დავით უსუფაშვილი - იმედით ვარ სავსე, რომ დღეს შედეგს მივაღწევთ, ეს არ იქნება ვინმეს გამარჯვება ან დამარცხება, გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს ოქტომბერში დავითვლით

საჭიროა, ყველამ გადავდგათ ნაბიჯები იქითკენ, რომ საქართველოში ჩატარდეს არჩევნები და ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, მართლა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების მონაწილეობით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ვიყავი ზომიერად ოპტიმისტი. დღეს ვარ უფრო მეტად ოპტიმისტი. სწორი მიმართულებით ბრძოლა და შრომა ყოველთვის არის შედეგიანი და მე ვარ იმედით სავსე, რომ დღეს მივაღწევთ ამ შედეგს. თუ იქნება შეთანხმება, ეს არ იქნება ვინმეს გამარჯვება და ვინმეს დამარცხება, გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს ოქტომბერში დავითვლით. ახლა საჭიროა, ყველამ გადავდგათ ნაბიჯები იქითკენ, რომ საქართველოში ჩატარდეს არჩევნები და ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, მართლა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. ამ მიმართულებით კომპრომისული ნაბიჯების გადადგმის დიდი ალბათობა არსებობს დღეს. ეს შეეხება ყველა საკითხს, რაც იხილებოდა მაგიდაზე: მეტი პროპორციულობის საკითხი, საარჩევნო ოლქების თანაბრობისკენ ნაბიჯი, პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური დევნისგან თავის შეკავებისკენ გადადგმული ნაბიჯები. ეს ყველაფერი თავმოყრილია და შესაძლებელია, დღეს ვიყოთ ძალიან ახლოს შეთანხმებასთან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ფორმულა იყო, რომ 40 პროცენტზე ნაკლები შედეგით ვერ დაკომპლექტდეს პარლამენტში უმრავლესობა.

„მე მგონია, რომ ამ საკითხს ძალიან ახლოს ვიტრიალებთ და შეიძლება, იყოს შეთანხმება, შეთანხმება სწორედ პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის სათანადო პროპორციის დაცვით. ამ დღეებში ჩვენ ან მოვისმენთ შეთანხმებულ თანაფარდობებს ან უნდა ვაღიაროთ, რომ ვერ შევძელით შეთანხმება, რადგან დრო აღარ ითმენს. მე ველი, რომ შეთანხმებას მოვისმენთ დღეს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.