დავით უსუფაშვილი - იმედი მაქვს, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დავამარცხებ
დავით უსუფაშვილი - იმედი მაქვს, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დავამარცხებ

მოხარული ვარ, რომ საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში ღირსეული კონკურენტები მეყოლება და ერთ-ერთი ასეთი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა. დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში ისევე დაამარცხებს  როგორც  2007 წელს, ოპოზიციურ პრაიმერში.

„2007 წელს ოპოზიციურ პრაიმერში გავეპაექრეთ ერთმანეთს და მე დავამარცხე ქალბატონი სალმე. იმედი მაქვს ახლანდელი არჩევნებიც იმავე შედეგით დასრულდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის სერიოზული ნაწილი, მათ შორის ის ხალხი, რომელმაც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, ახლა მხარს მე დამიჭერს. მე ვიცი საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება, მხარს იმას დაუჭერს, ვინც ერთგულია 2012 წლის ცვლილებებისა და პრინციპების“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია კრიზისს ოდესმე დაძლევს და არჩევნებში თავისი კანდიდატებიც ეყოლება ხოლმე.

„ასეთი რამ ხდება, როდესაც პარტია ვერ ახერხებს საკუთარი კანდიდატის შერჩევას. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი არ დააზარალებს ქალბატონ სალომეს ზურაბიშვილს. „ოცნება“, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო სისტემაში, მუნიციპალიტეტებში არათუ მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოში უმრავლესობები, სამსახურების ხელმძღვანელები, განყოფილებების გამგეები და დამლაგებლებიც კი საკუთარი ხალხიდან ყავს, ახლა დავიჯეროთ, გონს მოეგო და საპრეზიდენტო სავარძელს თმობს? რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდება დაჯერება ამ ყველაფრის შემხედვარეს“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.