დავით უსუფაშვილი - გიორგი კვირიკაშვილის წასვლა დაახლოებით იმას ნიშნავს, ჯარისკაცმა პოსტი მიატოვოს
დავით უსუფაშვილი - გიორგი კვირიკაშვილის წასვლა დაახლოებით იმას ნიშნავს, ჯარისკაცმა პოსტი მიატოვოს

ჩვენ მამუკა ბახტაძის ახალი გუნდი ჯერ არ გვინახავს და ეს ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ერთი პარადოქსია, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ბახტაძის მთავრობამ სამი კვირა ითხოვა ახალი გუნდის წარდგენისთვის, მაგრამ სამ კვირაში კანონპროექტის მიღება ვერ მოესწრება.

“ახალი კანონპროექტის მიღებას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. მე ვისურვებდი, რომ ამ ხნის განმავლობაში სახელისუფლებო სისტემა კიდევ უფრო არ დაძაბუნდეს. გაურკვევლობა საჯარო სამსახურების ეფექტურობას არ აამაღლებს, პირიქით დაადაბლებს. დროებითი მთავრობის კონცეფცია არასწორია, მაგრამ თუ მზად არ არიან, აბა რა ვქნათ. 2016 წლის არჩევნებიდან გამომდინარე მათ ხელში ვართ. მამუკა ბახტაძეს ვუსურვებ, იყოს შემძლე 400%-იანი ეფექტურობის, რადგან 100%-იანი ეფექტურობით მხოლოდ 20% შედეგს თუ მიაღწევს, რადგან დანარჩენი სისტემა არ არის მოწადინებული იმაზე, რომ რეფორმები გატარდეს. ამას შეძლებს? პირველი ვიქნები ვინც ტაშს დაუკრავს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ვიდრე მცირე მთავრობის პროგრამაზე და სამინისტროების შერწყმაზე იქნება საუბარი, აუცილებელია ითქვას, რა შედეგი მოიტანა მანამდე განხორციელებულმა რეფორმამ.

„მგონია, რომ  ვიდრე სამინისტროს ხელს კიდევ მოვკიდებთ, ვინმემ უნდა აგვიხსნას განვლილი 7-8 თვის განმავლობაში გასული წლის ბოლოს გაკეთებულმა რეფორმებმა რა შედეგი მოიტანა. სამინისტროების გაერთიანებით რა რაოდენობის ფინანსები დაიზოგა, რამდენად გაიზარდა ეფექტურობა, რამდენად უკეთესი შედეგი მივიღეთ. თუ ეს შედეგი არ გაგვაცნეს, მაშინ კიდევ ორი სამინისტროს ერთმანეთთან შეერთებით ახალ ქაოსს ხომ არ მივიღებთ. უფრო დეტალებში თუ ჩავალთ, სასჯელაღსრულების სამინისტრო პირველ რიგში იყო იუსტიციასთან მისაერთებელი, ამაზე შარშან შემოდგომაზეც ვსაუბრობდით. ეს მაშინ არ გაიზიარეს”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში მძიმე ვითარებაა შექმნილი.

„მძიმე ვითარება პრემიერ-მინისტრის ისეთმა წასვლამ შექმნა, როგორც ის წავიდა. ძალიან დიდი სასაყვედურო მაქვს პრემიერ-მინისტრთანაც და მის პირველ მოადგილეებთანაც, რადგან მათ პრეზიდენტმა მთავრობის დროებით გაძღოლა დაავალა. თუმცა ისინი ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ სახლში წავიდნენ, ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, ჯარისკაცმა პოსტი მიატოვოს. პოლიტიკურად გაუგებრობა გასაგებია, მაგრამ ქვეყანას გაძღოლა სჭირდება. ზოგჯერ მთავრობები თვეების განმავლობაში ვერ იქმნება, ამ დროს წასულ პრემიერსა და მინისტრებს განსაკუთრებით ევალებათ სახელმწიფო საქმეების გაძღოლა. ამ საკმაოდ სერიოზული კრიზისიდან მინდა, რაც შეიძლება უდანაკარგოდ გამოვიდეთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.