დავით უსუფაშვილი - გიორგი გახარია უნდა გადადგეს და ამით გზა გახსნას ძალიან სერიოზული, თვისობრივი ცვლილებისკენ პოლიტიკურ სივრცეში
დავით უსუფაშვილი - გიორგი გახარია უნდა გადადგეს და ამით გზა გახსნას ძალიან სერიოზული, თვისობრივი ცვლილებისკენ პოლიტიკურ სივრცეში

ჩემი ღრმა რწმენით, გახარია უნდა გადადგეს და ამით გზა გახსნას ძალიან სერიოზული, თვისობრივი ცვლილებისკენ ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„პროპორციულ არჩევნებს რომ სჭირდება, იმიტომ კი არა, ქვეყანას სჭირდება. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ნაბიჯის წინ გადადგმა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამ განცხადებით დავით უსუფაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პოზიციას დაიჭერს ის, თუ გიორგი გახარიას გადადგომა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საპირწონედ დადგა და მისი გადადგომის გარეშე პარტიების ნაწილი პროპორციულ არჩევნებზე არ წავიდა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საკითხი ასე არ დგას და ამ საკითხს არც თავად სვამს ამგვარად.

„მე არსად არ გამიგია, თუ გახარია არ გადადგება, პროპორციული აღარ გვინდაო. პროპორციული არჩევნები დაშვებულია და ასე ვთქვათ, კონვეიერშია ჩაშვებული. მყარად მჯერა და დარწმუნებული ვარ, ყველა ამ პოზიციაზეა და თავად აქციაზე ამაზე საუბრობენ, რომ პროპორციული არჩევნების ბოლომდე მიყვანას, ანუ ხუთთვიანი პროცესის დასრულებას, როცა ეს ყველაფერი კონსტიტუციაში ჩაიწერება, ხელი არც ერთმა სხვა თემამ არ უნდა შეუშალოს, გახარიას გადადგომა იქნება ეს, თუ რამე სხვა“, – განცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, 21 ივნისის ღამეს ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, ძალის გადამეტება კი არალეგიტიმური, მაგრამ გარემოებამ მოიტანა ის, რომ გიორგი გახარია 20-21 ივნისის მოვლენების ეპიცენტრში და ასევე, ზოგადად ეპიცენტრში აღმოჩნდა.

„დღეს, გახარიაზე ჩამოეკიდა „ქართული ოცნების“ ბევრი სხვა შეცდომა და არასწორი პოლიტიკა, რამაც ქვეყანა აქამდე მოიყვანა. პოლიტიკაში ასეა, ზოგჯერ, დაუმსახურებლად მივდივართ წინ, ჩემი და გახარიას ჩათვლით. ზოგჯერ, სხვის გამო წინ მივდივართ და ზოგჯერ, სხვის გამო ვისჯებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ახლა, გიორგი გახარია ამ ვითარებაშია და მისი გადადგომა „ქართული ოცნების“ შეუსრულებელი დაპირების, საზოგადოების გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

„ამით, გახარიას ხვალ შეუძლია, გააგრძელოს ცხოვრება. დაპატიმრებას ხომ არავინ ითხოვს?!“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

დატოვე კომენტარი