დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაჟორიტარული ნარჩუნდება, პროპორციულობა უზრუნველყოფილია
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაჟორიტარული ნარჩუნდება, პროპორციულობა უზრუნველყოფილია

ეს არ არის გერმანული კანონი, ეს არის ქართული პროექტი, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „გერმანულ მოდელზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, გერმანული მოდელი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

„ეს არ არის გერმანული კანონი, ეს არის ქართული პროექტი. მას შეიძლება ეწოდოს მაჟორიტარების შენარჩუნებით ჯამურად პროპორციულობის უზრუნველმყოფი კანონი გერმანულ გამოცილებაზე დაყრდნობით. თუკი ვინმე რამეს ითხოვს,  აღნიშნული პროექტი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაჟორიტარული ნარჩუნდება, პროპორციულობა უზრუნველყოფილია. ივანიშვილს ამ პროექტით იქით ვეხმარებით თავისი დანაპირების შესრულებაში. თუ  მაჟორიტარები ვერ დაარწმუნა, რომ დღეს მაჟორიტარების გაუქმება სწორი იყო, ვეუბნებით, აჰა, მოდელი, დარწმუნდით, აღარ ვაუქმებთ მაჟორიტარებს და ყველამ მშვიდობიანად გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, დიპლომატიური კორპუსი დაინტერესებულია საქართველოში კომპრომისის მიღწევით.

„დიპლომატები, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები არიან, მიდიან დასკვნამდე, რომ ეს ფართო კონსესუსი პროპორციული არჩევნების თაობაზე, ხელისუფლების შემოთავაზება და გაზიარებული  ინიციატივა ყველას მხრიდან არის შესასრულებელი. სხვა შემთხვევაში პროცესები მიექანება არაკონტროლირებადი მიმართულებით, რომელმაც საქართველოსთან ერთად შეიძლება დააზიანოს სხვა ქვეყნების ინტერესებიც საქართველოში და რეგიონში. დიახ, ისინი სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი კომპრომისის მიღწევით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.