დავით უსუფაშვილი - „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე ნამდვილად არ არის
დავით უსუფაშვილი - „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე ნამდვილად არ არის

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩემთვის თვისობრივი სხვაობა ისაა, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს, წარსულის შეცდომები უკან მოიტოვოს და შეცდომებზე ისწავლოს. მე მჯერა მათი გულწრფელობის. უკვე ისწავლა და მზად არის ამისთვის? ამას მოსახლეობა გადაწყვეტს, მაგრამ მე ამას ვხედავ და ვიცი. ამიტომ, ერთი და იგივე, რა თქმა უნდა, არ არის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამ განცხადებით დავით უსუფაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა ერთი და იგივე „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და რა თვისობრივი სხვაობაა მათ შორის.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა პარტია ნონ გრატა, რომელთანაც ის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში არ ითანამშრომლებს, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუ პოლიტიკოსი პარლამენტში შესულ, თანამოქალაქეების მიერ არჩეულ პირზე იტყვის, ამას ოთხი წელი არ გავეკარებიო, ის პოლიტიკოსი არ არის.

შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას, თუ ის მეორე ტურში გადავა და ახალციხის ოლქში სახელისუფლებო კანდიდატის პირისპირ დარჩება, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა არის წითელი ხაზი და „ლელო“ არ აპირებს, ეს ხაზი გადაკვეთოს.

„მე საკმარისად ბევრი ვნახე პოლიტიკაში და ვიცი, რომ ამ ეტაპზე გვარებზე საუბარი არ არის სწორი. მით უმეტეს, სხვა პარტია ვინმეს დაასახელებს თუ არა, მაგრამ ამ პირდაპირ დასმულ შეკითხვაზე, საგამონაკლისო წესით პირდაპირ გპასუხობთ – არავითარ შემთხვევაში. ვანო მერაბიშვილი კანდიდატია და პირველ, ან მეორე ტურში ხალხს ვუთხრა, მას მხარი დაუჭირეთ იმიტომ, რომ მე მათი მხარდაჭერა სხვაგან აქეთ მჭირდება-თქო, არის ის წითელი ხაზი, რომელსაც „ლელო“ არ გადაკვეთს. სხვა პარტიებსაც ექნებათ ასეთი წითელი ხაზები სხვა ადამიანებთან. ვიღაცას შეიძლება, ჩემთან ჰქონდეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დატოვე კომენტარი