დავით უსუფაშვილი - ეს ხელისუფლება მანამდე უნდა შევცვალოთ, ვიდრე „ნაცმოძრაობას“ თავად შეაცვლევინებს თავს და ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავს
დავით უსუფაშვილი - ეს ხელისუფლება მანამდე უნდა შევცვალოთ, ვიდრე „ნაცმოძრაობას“ თავად შეაცვლევინებს თავს და ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავს

მანამდე უნდა შევცვალოთ დღევანდელი ხელისუფლება, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად შეაცვლევინებს თავს და ქვეყანასაც უფსკრულში გადაჩეხავენ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ“ თითქმის სრულად გაფლანგა მორალური უპირატესობა.

„დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ დღესაც იმას გვიხსნის, რატომ იყო შესაცვლელი „ნაციონალური მოძრაობა“ ექვსი წლის წინ. ეს გავიგეთ ბატონო, მათზე მრავალი წლით ადრე გავიგეთ. მაშინ გავიგეთ, როდესაც სალომეც, კახაც, ბიძინაც, მამუკაც სააკაშვილის მთავრობის წევრები, დამფინანსებლები და მხურვალე მხარდამჭერები იყვნენ. ისიც „ოცნებაზე“ უკეთ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება დაუშვებელია. მაგრამ, იმასაც ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი სუპერ-არაადეკვატურობით სწორედ აქეთ მიყავს საქმე. მათ თითქმის სრულად გაფლანგეს უზარმაზარი მორალური უპირატესობა და იმასღა გვეუბნებიან, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს დასაშავებელი, ვიდრე ნაცებს შეგვადარებთო. უწინ მოქმედი გენპროკურორი ადეიშვილი ალაგებდა ბიზნესს, ახლა ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე ალაგებს ბიზნესს. რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა. ამიტომ არის უკიდურესად საშური ამოცანა, რომ ჩვენ მანამდე შევცვალოთ დღევანდელი ხელისუფლება, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეაცვლევინებენ თავს და ქვეყანასაც უფსკრულისკენ უბიძგებენ. ბოლო დღეებში მოსმენილი კრიმინალური ქრონიკის გადაუხდელი გადასახადებით და ნაცების ძველი ძალადობებით გადაგორების მცდელობა სწორედ ამ უფსკრულისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. წინ არჩევნებია. წინ შანსია. წინ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენების შესაძლებლობაა. ყველა თავისუფალი ნების და მოქალაქეობრივი ღირსების მქონე ადამიანს მივმართავ, ვთხოვ, ვევედრები – არ დავიჯეროთ, რომ მეტი აღარ შეგვიძლია. არ დავიჯეროთ, რომ პოლიტიკა ის არის, რასაც დღეს ვხედავთ. არ დავიჯეროთ, რომ ქართველებს საკუთარი სახელმწიფოს გაძღოლა არ შეგვიძლია. არ დავიჯეროთ, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გვაქვს. არ გავხდეთ პროპაგანდისტული მანქანების მსხვერპლი და არ გავხადოთ ქვეყანა მიშა-ბიძინას „წესების გარეშე ბრძოლის“ ასპარეზად“,-განაცხადა „შენების“ მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.