დავით უსუფაშვილი - დღეს აქციაზე მივალ, რადგან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩვენს მოქალაქეებს კეთილდღეობა შეუფერხეს
დავით უსუფაშვილი - დღეს აქციაზე მივალ, რადგან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩვენს მოქალაქეებს კეთილდღეობა შეუფერხეს

ოპოზიციონერი დეპუტატის დავით უსუფაშვილის განცხადებით,  რუსთაველის გამზირზე დღეისთვის დაგეგმილ აქციაზეც მისვლას გეგმავს. მისივე თქმით, გაბრაზებულია იმის გამო, რომ მოქალაქეებს კეთილდღეობა შეუფერხეს.

„რაც შეეხება დღევანდელ აქციას, როცა ადამიანი ქუჩაში გამოდის და ამბობს, სახელმწიფო მეც ვარ და მეც მაქვს ჩემი სათქმელი, ევროკავშირში მინდაო, როგორ შეიძლება, ამაზე ვთქვათ, მორიგი აქციაა. სიცოცხლეც ხომ რიგითია? – ამ რიგითობაშია მთელი ცხოვრება. დღეს რუსთაველზე მოსული ადამიანების რაოდენობა არ მაინტერესებს, ისევე, როგორც ზურაბიშვილის, რადგან იქაც სწორი მოთხოვნა იყო. დღეს მივალ და დავდგები, რადგან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩვენს მოქალაქეებს კეთილდღეობა შეუფერხეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის დოკუმენტში ჩაწერილ ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც  დეოლიგარქიზაციას ეხება.

„მიუხედავად იმისა, ვის უხარია და ვის სწყინს, საქართველოს შემთხვევაში, ამ ტერმინს დებიძინიზაცია ჰქვია, რადგან საქართველოში ოლიგარქის მსგავსი ცოცხალი არსება არ დაიარება. რაც არ უნდა გააგრძელონ იმ ტიპის საუბრები, რომ სხვა მდიდარი ადამიანები არიან, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც თავის ფინანსურ-ეკონომიკურ საშუალებებს და ბერკეტებს იყენებს როგორც თავის გასამდიდრებლად, ისე საჯარო ცხოვრების მოსაწყობად, როგორც მას წარმოუდგენია და მის ჭკუაზე ქვეყნის სატარებლად. საქართველოში ასეთი ადამიანი ერთადერთია პოტენციურიც და რეალურიც. ამიტომ საქართველოში ამას ნიშნავს დებიძინიზაცია, რომელიც ევროპას თავიდანვე დაჰპირდა ერთი წელი ვიქნები და წავალო, ვერ წავიდა, მოვიდა, წავიდა, მიდის, მოდის. მთავარი პრობლემა ისაა, აქ ხალხი რომ ზის და ლაპარაკობს ხან იმაზე – ევროპა უსამართლოდ ექცევათ, ან ევროპამ რა კარგი რამე მოგვცა და ამას შევასრულებთო. საკმარისია იმ ერთმა ადამიანმა სხვა რამე თქვას, ის 80 ადამიანი ეგრევე გადატრიალდება და ფირფიტას შეატრიალებს. ესაა ოლიგარქობა და ეს უნდა დაასრულოთო, გვითხრეს, რასაც თვითონ ბიძინა ამბობდა, არ ვიზამო, მაგრამ ქნა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.