დავით უსუფაშვილი - დემოკრატიული სამყარო გვეუბნება, ვხედავთ, ქვეყანაში მმართველობა არის არაფორმალური და ამას მოუარეთო, ნაცვლად ამისა, ხელისუფლება აგრძელებს ჟონგლიორობას კანონპროექტზე
დავით უსუფაშვილი - დემოკრატიული სამყარო გვეუბნება, ვხედავთ, ქვეყანაში მმართველობა არის არაფორმალური და ამას მოუარეთო, ნაცვლად ამისა, ხელისუფლება აგრძელებს ჟონგლიორობას კანონპროექტზე

დემოკრატიული სამყარო გვეუბნება, ვხედავთ, რომ ქვეყანაში მმართველობა არის არაფორმალური და ამას მოუარეთო. ამის ნაცვლად,  ხელისუფლება აგრძელებს ჟონგლიორობას კანონპროექტზე, – ამის შესახებ  „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მოქმედება საკითხის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულებაა.

„დემოკრატიული სამყარო გვეუბნება, ვხედავთ, რომ ქვეყანაში მმართველობა არის არაფორმალური, კონსტიტუციური ინსტიტუციები ექვემდებარებიან ჩრდილოვან, არაფორმალურ მმართველობას და ამას მოუარეთო. ამის ნაცვლად, ხელისუფლება აგრძელებს ჟონგლიორობას კანონპროექტზე — ჯერ არ დავწერთო, შემდეგ დავწერთო, შემდეგ — თუ ოპოზიცია გვეტყვის, არ დავწერთო, მერე ოპოზიციას თუ უნდა, მივიღებთო, შემდეგ — დაველოდებით უკრაინის კანონზე ვენეციის დასკვნას, ახლა ვენეციის კომისიაში გავაგზავნითო და ასე შემდეგ. ეს არის ჟონგლიორობა, ღრმად არასერიოზული დამოკიდებულება საკითხის მიმართ, წერტილი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ გუშინ განაცხადეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია“.