დავით უსუფაშვილი - დამისახელეთ ერთი არგუმენტი, რომ პარლამენტში პროპორციული სიით შესული ხალხი მაჟორიტარებზე უარესია
დავით უსუფაშვილი - დამისახელეთ ერთი არგუმენტი, რომ პარლამენტში პროპორციული სიით შესული ხალხი მაჟორიტარებზე უარესია

დამისახელეთ ერთი არგუმენტი, რომ პარლამენტში პროპორციული სიით შესული ხალხი მაჟორიტარებზე უარესია, – განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“.

„აიღეთ დღემდე არჩეული ნებისმიერი პარლამენტი და დამისახელეთ ერთი არგუმენტი. ეს ხალხი ხომ ყველა პარლამენტში გვერდიგვერდ სხედან?! ჰოდა, ნებისმიერი კრიტერიუმით შეადარეთ მაჟორიტარებს პროპორციული წარმომადგენლობის პარლამენტარები და თუ აღმოაჩენთ, რომ პარლამენტში პროპორციულად უარესი ხალხი იყო შესული და საქმეს უარესად ემსახურებოდნენ, მაშინ, შეიძლება, თქვენი არგუმენტი გავიზიარო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამ განცხადებით დავით უსუფაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად მიზანშეწონილია პროპორციული სისტემა ისეთი ტიპის პოლიტიკური კულტურისთვის, სადაც პარტიული სისტემები არც თუ ისე განვითარებულია.

უსუფაშვილის თქმით, იმ პოლიტიკურ რეალობაში, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ლომის წვლილი სწორედ პოლიტიკურ საარჩევნო სისტემას აქვს.

„რატომ არის სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური სისტემები და საარჩევნო სისტემები სხვადასხვა?! ყველა ქვეყანას სურს, რომ კარგი ხელისუფლება ჰყავდეს და ყველას სურს, სამართლიანობა ყველგან იყოს დაცული, მაგრამ სხვადასხვა სისტემები რომ არის, ამას რაღაც წინაპირობები აქვს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს, ნახევარი საქართველო მეორე ნახევარ საქართველოზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ არ იყოს გადაკიდებული, საშუალება უნდა მიეცეს პატარა პარტიებსაც, რომლებსაც შესაძლოა, მხარს ამომრჩეველთა 7% უჭერს.

„ამ 7%-ის ადეკვატური 8 კაცი იყოს პარლამენტში და ჩხუბი და დავიდარაბა გარეთ კი არ იყოს, პარლამენტში ილაპარაკონ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.