დავით უსუფაშვილი - ცხადია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება საინტერესო და კონკურენტული
დავით უსუფაშვილი - ცხადია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება საინტერესო და კონკურენტული

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სხვადასხვა ფორმით ყოველთვის საინტერესო ადამიანი იყო, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობას.

„გიორგი კვირიკაშვილი, დღიდან ჩემი და მისი ნაცნობობისა, სხვადასხვა ფორმით ყოველთვის საინტერესო ადამიანი იყო. არ ვიცი, ხვალ და ზეგ რას აპირებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აფასებს დავით უსუფაშვილი საკუთარ შანსებს კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, უსუფაშვილი ამბობს, რომ სიამოვნებით შეერკინებოდა გრიგოლ ვაშაძესაც, რომელიც უკვე დასახელებულია საპრეზიდენტო კანდიდატად და სალომე ზურაბიშვილსაც, რომელზეც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყოს.

„ვისურვებდი, ამ ყველაფერზე კომენტარი გამეკეთებინა მას შემდეგ, როცა ვიქნები კონკურენტულ რეჟიმში თქვენს მიერ დასახელებულ ადამიანებთან. სიამოვნებით შევერკინებოდი მათ ამ ბრძოლაში. ერთი რამ უკვე ცხადია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება საინტერესო, კონკურენტული და მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის საშუალება. ამ ქვეყანაში ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები,  როდესაც ხალხის სამმა მეოთხედმა არც კი იცოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა, იმდენად უინტერესო და ისეთი მოცემულობები იყო. ამ შემთხვევაში კი, ინდივიდუალური მოცემულობებითაც კანდიდატები, ვინც უკვე ჩანან ასპარეზზე და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა გველის.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად შეძლებს პოლიტიკური ასპარეზზე ისეთი გუნდის გამოყვანას, რომელიც საქართველოს სჭირდება. „მე მზად ვარ, ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ გიორგი მარგველაშვილი იქნება ამ პროცესში ჩართული. მზად ვართ, განვიხილოთ სხვა ვარიანტებიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.