დავით უსუფაშვილი -  ჩვენ უნდა გვქონდეს დღეები, როდესაც  ყველა ვართ ერთად
დავით უსუფაშვილი - ჩვენ უნდა გვქონდეს დღეები, როდესაც ყველა ვართ ერთად

საქართველოში მინდა დამკვიდრდეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, სოხუმის დაცემის დღეს ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაც გვაერთიანებს და არა იმაზე, რაც გვყოფს,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან  განაცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპულებმა შანსი დატოვეს, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, რისთვისაც მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

„ძნელია დავიჯეროთ, რომ 25 წელი გავიდა ტრაგედიიდან, როდესაც სოხუმი დაეცა, გმირულად დაეცნენ ჩვენი მამულიშვილები. ამ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიას ყველაზე დიდი განსაცდელი დაემართა. პატივს მივაგებთ დაღუპულებს, გმირებს, ჟიული შარტავას, სხვებს. ვინც ამ დღეს გმირობის მაგალითი აჩვენა, თავისი სიკვდილით შანსი დაგვიტოვა, რომ ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება გამთლიანდება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა,  ერთიანობა, ეროვნული სულისკვეთება და ეროვნული თვითრწმენა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში დეფიციტია. ჩვენ უნდა გვქონდეს თემები, ჩვენ უნდა გვქონდეს დღეები, როდესაც ყველა ვართ ერთად, როდესაც  სხვა, განმასხვავებელ საკითხებზე არ ვსაუბრობთ, ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრული პატივს მივაგებთ გმირებს და ვიყურებით წინ, უკეთესი მომავლისკენ. მინდა, ამ ქვეყანაში დამკვიდრდეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, ამ დღეს ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაც გვაერთიანებს და არა იმაზე, რაც გვყოფს,“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა.  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.