დავით უსუფაშვილი - ბოლო მცდელობებია, რათა შევძლოთ არჩევნების ჩატარება და არ გვქონდეს სუპერდაპირისპირება, საითაც ქვეყანა მიექანება
დავით უსუფაშვილი - ბოლო მცდელობებია, რათა შევძლოთ არჩევნების ჩატარება და არ გვქონდეს სუპერდაპირისპირება, საითაც ქვეყანა მიექანება

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მეგობრები ცდილობენ, მოხდეს იმ დაპირისპირების არიდება, საითაც ქვეყანა მიექანება.

როგორც უსუფაშვილმა დიპლომატების მონაწილეობით მიმდინარე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის წინ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„ეს არის ბოლო მცდელობები, რათა შევძლოთ არჩევნების ჩატარება და არ გვქონდეს ის სუპერდაპირისპირება, საითაც ქვეყანა მიექანება. ამას ცდილობენ ჩვენი მეგობრები და ცხადია, ამაში უნდა მივეხმაროთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გრიგოლ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში.