დავით უსუფაშვილი - ბოიკოტზე ჩვენი განცხადება არის არა დემარში ან ცალმხრივი ახირება, არამედ მითითება, რომ შეთანხმებას შესრულება სჭირდება
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტზე ჩვენი განცხადება არის არა დემარში ან ცალმხრივი ახირება, არამედ მითითება, რომ შეთანხმებას შესრულება სჭირდება

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდება.

„შეთანხმებას ორი მხარე აქვს. ამ შეთანხმებით ოპოზიციამ აიღო ვალდებულებად პარლამენტში მოსვლა და მუშაობა, ხელისუფლებამ რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ერთი ასეთი მიმართულებაა სასამართლო რეფორმის გაგრძელება. დოკუმენტში ძალიან ცალსახად ჩაიწერა, რომ წესების დახვეწამდე, ანუ 19 აპრილის მდგომარეობით მოქმედი კანონმდებლობის დახვეწამდე უნდა შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა. ამას ხელი მოაწერა „ქართულმა ოცნებამ“, 19 აპრილის შემდეგ ამ წესებში არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ „ლელოს“ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის ნაცვლად ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს დანიშნავს.

„ეს მიშელის შეთანხმების დარღვევაა. იმ შეთანხმების, რომელიც სწორედ ბოიკოტის შეწყვეტას უკავშირდებოდა. ანუ, იმ ვალდებულებაზე უარის თქმა, რომლის სანაცვლო ვალდებულებაა ჩვენი მხრიდან აქ ყოფნა და მუშაობა. ამიტომ ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ „ოცნება“ ასე უხეშად დაარღვევს შეთანხმებას და არ გაითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების, ელჩების ძალიან მკაფიო ნათქვამს, რომ ის ქაღალდი, რომელსაც ჩვენს თვალწინ მოაწერეთ ხელი, ითვალისწინებდა ამ დანიშვნის შეჩერეობასო. ამაზე მეტად და გასაგებად როგორ თქვან ამერიკის და ევროკვშირის ელჩებმა. ამიტომ ჩვენი ეს განცხადება არა რაიმე დემარში ან ულტიმატუმი, ან რაღაც ცალმხრივი ახირება, არამედ იმაზე მითითებაა, რომ შეთანხმებას შესრულება სჭირდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა. ამასთან, ხაზარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა მათაც გაიზიარონ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ სიით არჩეულმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი თუ არ შეჩერდება, პარლამენტი დატოვონ.

დატოვე კომენტარი