დავით უსუფაშვილი - აუდიოჩანაწერიდან გავიგე, რომ ტერორიზმში ბრალდებული ადამიანები დღეს საქართველოში თავისუფლად დადიან
დავით უსუფაშვილი - აუდიოჩანაწერიდან გავიგე, რომ ტერორიზმში ბრალდებული ადამიანები დღეს საქართველოში თავისუფლად დადიან

გუშინდელი ჩანაწერიდან გავიგე ის, რომ საქართველოში ტერორიზმში ბრალდებული ადამიანები დღეს თავისუფლად დადიან და შეიძლება, მიემალონ გამოძიებას, ან შეიძლება, ახალი ტერორისტული აქტი ჩაიდინონ, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„გუშინდელი ინფორმაციიდან, დღევანდელი მოვლენებიდან და მათ შორის, ბატონი გოგაშვილის ინტერვიუდან ისიც გავიგე, რომ თურმე, აღდგომის დღეებში საფლავზე გასვლისას უსაფრთხოება იყო დაცული. ანუ, სახელმწიფო დაწესებულებებმა იცოდნენ, ვინ ამზადებდა და ვის წინააღმდეგ ამზადებდა ტერაქტს. ასევე, ამ ტერაქტის მომმზადებლები თუ განმხორციელებლები თავისუფლად დადიოდნენ და სამართალდამცავ სისტემას ჰქონდა იმხელა გარანტიები და თვითრწმენა საკუთარ თავში, რომ გოგაშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას ასე უდიერად მოეპყრნენ. თუ მაჩალიკაშვილი ტერაქტს გეგმავდა, სად ვართ დარწმუნებული, რომ ამას მხოლოდ მისი ძმისშვილის მეშვეობით აკეთებდა და სხვა თანამზრახველები არ ჰყავდა, ან არ ჰყავს და ეს არ ჩაედინა?!“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამ განცხადებით დავით უსუფაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა გაიგო გუშინ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერიდან და რამდენად დამაჯერებელია ის მისთვის.

უსუფაშვილის თქმით, თუ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რამე არასწორი გაიფიქრა, დაგეგმა და ჩაიდინა, ამაზე პასუხი უნდა აგოს. 

„მან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პირველივე მიწვევაზე, თუ დაძახებულზე არ მივიდა სათანადო ადგილზე და კითხვებს არ გასცა პასუხი. კარგია, რომ მივა სამართალდამცავ ორგანოში და მე მას ვურჩევ, ყველაფერზე ღიად და გულწრფელად უპასუხოს – ეს ფიქრი იყო, გეგმა, ნახევრად გეგმა, თუ რა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ სოსო გოგაშვილმა პროკურატურას დღეს დართო ნება, მისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კითხვა დაესვათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თურმე, მისთვის დღემდე კითხვაც არავის დაუსვამს.

„არავის ხელს არ ვადებ და არ ვდებ ბრალს, რა მოხდა მაშინ, გოგაშვილი მონაწილეობდა, თუ არ მონაწილეობდა, მაგრამ როცა ქვეყანაში ამხელა ამბავია აწეული, კარვები დგას და ამდენი ამბავია, თურმე, პროკურორს დღემდე კითხვაც კი არ დაუსვამს. გოგაშვილმა დღეს დართო ნება პროკურორს, კითხვა დამისვით, თუ რამე გაქვთო, ანუ, მას შემდეგ, რაც მაჩალიკაშვილის უმწიკვლო რეპუტაცია შესაძლოა, შეილახა უკვე ამ გამოქვეყნებული მასალებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სამართალდამცავი სისტემა კვლავ მმართველი გუნდის პიარის დანამატად რჩება და თავის მოვალეობას ვერ ასრულებს.