დავით უსუფაშვილი - ამ არჩევნებით ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტი და არა ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყანას გააძლიერებდა
ამ არჩევნებით ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტი და არა ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებდა, – ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გამართულ სადისკუსიო შეხვედრაზე გააკეთა.
შეხვედრას, რომელიც ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში შედგა, უსუფაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა.
დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დემოკრატიული პრინციპებისკენ აღებული კურსი.
„ამ არჩევნებით ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტი და ვერ მივიღეთ პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყანას გააძლიერებდა, ჩვენ მოქალაქეებს ენთუზიაზმით აავსებდა. სამწუხაროდ, საზოგადოება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, გაყოფილია ორად, სიძულვილსა და აუტანლობის ატმოსფერო კიდე უფრო გაძლიერდა, შეილახა ქვეყნის იმიჯი, ვინაიდან არჩევნების პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა სერიოზულად დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, საით მიდის ქვეყანა დემოკრატიული პრინციპებისკენ, თუ სხვა ჰიბრიდული მოდელისკენ. ვისაუბრეთ მომავალზეც. გამოსავალი ნამდვილად არსებობს. ამისთვის საჭიროა ეს შეცდომები გამოცდილებად ვაქციოთ. დაინახავს თუ არა ამას „ქართული ოცნება“, გამოჩნდება. დრო ძალიან ცოტა გვაქვს და ამ არჩევნებში დაგროვილი უარყოფითი მუხლი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს პოზიტიური პოლიტიკური ინიციატივებით. ამ დაპირისპირების გაგრძელება კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანს ქვეყანას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.