დავით უსუფაშვილი - არც დღეს და არც ხვალ, არ ჩავერთვებით საქართველოს კატასტროფისკენ წამყვან სამოქალაქო ცივ ომში, რომ ერთი ძალა გავაძლიეროთ მეორის გასანადგურებლად
დავით უსუფაშვილი - არც დღეს და არც ხვალ, არ ჩავერთვებით საქართველოს კატასტროფისკენ წამყვან სამოქალაქო ცივ ომში, რომ ერთი ძალა გავაძლიეროთ მეორის გასანადგურებლად

ჩვენ არც დღეს და არც ხვალ, იმ პარლამენტში არ ჩავერთვებით საქართველოს დამაზარალებელ, დამაქცევარ და კატასტროფისკენ წამყვან სამოქალაქო ცივ ომში, რომ ერთი ძალა გავაძლიეროთ მეორის გასანადგურებლად, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ავიღოთ ასეთი შესაძლო შემთხვევა, რომ პოლუსად აღიარებული ორი ძალა, ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლება პარლამენტში ძალიან მსუყედ არის შესული და ჩვენ, „შენების მოძრაობას“ ხელში გვაქვს ბერკეტი, რომ ერთს მივემხრობით, აქეთ შეიქმნება მთავრობა, იმას მივემხრობით, იქით შეიქმნება. როცა მეკითხებიან, ამ დროს როგორ მოიქცევითო, აქაც ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს – ჩვენ არც დღეს და არც ხვალ, იმ პარლამენტში არ ჩავერთვებით საქართველოს დამაზარალებელ, დამაქცევარ და კატასტროფისკენ წამყვან სამოქალაქო ცივ ომში, რომ ერთი ძალა გავაძლიეროთ მეორის გასანადგურებლად“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

მისი თქმით, თუ „შენების მოძრაობას“ ეს ბერკეტი აღმოაჩნდა, მათი წინადადება ძალიან მკაფიო იქნება – ეროვნული ზავის მთავრობა.

„საქართველოს სახელმწიფო გასათავისუფლებელია პარტიული ტყვეობისგან. ცხრა წელი სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი პიროვნების და მისი გუნდის ტყვეობაში იყო, შემდეგ კი, სხვა პიროვნების და გუნდის ტყვეობაში აღმოჩნდა. საქართველო იმდენად არის დაძაბუნებული დაპირისპირებით, რომ ჩვენ სანდო მართლმსაჯულება გვჭირდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მთავრობის პირობებში მიიღწევა, რომელიც რომელიმე ამ პარტიის ხელში არ აღმოჩნდება. ამას ვგულისხმობთ ეროვნულ თანხმობაში და არა იმას, რომ ყველა ერთ ჭკუაზე გადავალთ და ერთი კარგი პარტია შეიქმნება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკური სისტემის ხვალინდელ დღეში „შენების მოძრაობის“ მთავარი ამოცანა სამოქალაქო ცივი ომის დასრულებაა.

„2007 წელს იმან თქვა, სულს ამოგხდიო, 2019 წელს ამან – დაგამთავრებო, იმან – ან შენ, ან მეო და ასე შემდეგ. ეს უნდა დასრულდეს, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ ამით ქვეყანას ვვნებთ. ინდივიდუალურად გვგონია, რომ მაგარ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ჯამში, ქვეყანას ვასუსტებთ და ამ დასუსტებულ ქვეყანას ჩვენი მტერი ნელ-ნელა ეპატრონება; არა მარტო ბორდერიზაციით, არამედ სხვა ძალიან ბევრი „​ზაციით“, პროპაგანდისტულად და ასე შემდეგ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა თავისი თავი ამოწურა და ის შესაცვლელია უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მობრუნების გზით და ხარჯზე.