დავით უსუფაშვილი - 8 მარტის შეთანხმებაში წერია, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხალხი უნდა გათავისუფლდეს
დავით უსუფაშვილი - 8 მარტის შეთანხმებაში წერია, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხალხი უნდა გათავისუფლდეს

საარჩევნო სისტემაა შესაცვლელი და პოლიტიკური დევნაა დაუშვებელი, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხალხი უნდა გათავისუფლდეს – ეს წერია შეთანხმებაში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლების რიტორიკა იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია რაღაცას არღვევს, არის მტკნარი სიცრუე.

„ბოლო ხანებში, ხელისუფლებამ წამოიწყო მანევრები იმისთვის, რომ შეიქმნას პლატფორმა ნაკისრი ვალდებულებების ნაწილის შეუსრულებლობისთვის მაინც. შეიძლება, ყველაფერზე უარი თქვას და ეს ხმაური ამიტომ არის ატეხილი. სინამდვილეში რა ხდება? შეთანხმება ეხება ორ რამეს – საარჩევნო სისტემაა შესაცვლელი და პოლიტიკური დევნაა დაუშვებელი, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხალხი უნდა გათავისუფლდნენ. ეს წერია შეთანხმებაში. ვისი ვალდებულებაა ეს, ვინ უნდა გააკეთოს? – ორივე ხელისუფლების გასაკეთებელია. ოპოზიციამ შეთანხმებით ვალდებულება იკისრა, რომ მხარს დაუჭერს – პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და არ დაშვებას. ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას. ახლა მითხარით ოპოზიცია, რომელიც ამ მხარდაჭერას ხსნის – ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ უჭერს მხარს, ან პოლიტიკური დევნის დაუშვებლობას არ დაუჭერს მხარს. ამიტომ, ხელისუფლების რიტორიკა იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია რაღაცას არღვევს, ეს არის მტკნარი სიცრუე“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციამ ვალდებულებად აიღო საარჩევნო ცვლილებების მხარდაჭერა და პოლიტიკური დევნის დაუშვებლობის მხარდაჭერა. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, საქართველოში არ ეგულება ოპოზიციური ძალა, რომელიც რომელიმე ამ ნაკისრ ვალდებულებაზე უარს ამბობს.

„ხელისუფლებამ წამოიწყო მანევრი, რომ კონკრეტული გვარებისა და სახელების შემოტანით პრაქტიკულად დააშანტაჟოს ამ პროცესში ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც ამ სახის საკითხებზე სწორედ დიპლომატიური არხებით თანამშრომლობენ და არა საჯარო არხებით, როგორც ახლა მე ვლაპარაკობ. ეს არის – ანი და ბანი დიპლომატიის და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების. ხელისუფლების მიზანია, ამით გამოიწვიოს ოპოზიციის ემოციური დამოკიდებულება, რომ კონსტრუქციული ველი, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით შეკოწიწდა, ისევ მოიშალოს და ქვეყანა გადავიდეს პოლიტიკურ წივილ-კივილში და წინ საარჩევნო პროცესი კი არ გვქონდეს, არამედ იმ სახის აურზაური, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვნახეთ.

ამ წუთის მდგომარეობით, ხელისუფლება ცოტა არ იყოს მოყოჩაღებულია საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ გაუჩნდათ ილუზია, რომ შესაძლებელია ჩხვლეტა იქით-აქეთ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მიმართულებით, რომ იქნებ, შეამცირონ იმ ნაკისრი ვალდებულებების ჩამონათვალი, რომელიც შესასრულებელი აქვთ, არ მგონია, რომ ეს იქამდე მივა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების უკან წაღება მოხდება. საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა გამოხატული აქვს 147 დეპუტატს. „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ სულ რომ გადაირიოს, პარლამენტში მაინც იკრიბება 120 ხმა. ოპოზიციას მივმართავთ, რომ არ უნდა წამოვეგოთ ამ მანევრებზე. ასეთ მანევრებს რომ წამოვგებოდით, მაშინ არც 8 მარტის შეთანხმება იქნებოდა. უნდა გავაგრძელოთ, შეთანხმების შესრულებისთვის ძალისხმევა და არ ავყვეთ მანევრებს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს. პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- აღნიშნა „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელთ აქვს ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის განცხადებები, რომლებიც საუბრობდნენ ოქრუაშვილთან დაკავშირებით.

„ორივე ელჩი გამოთქვამდა წუხილს, რომ ქვეყანაში ხდება ამბები, რაც არ შეესაბამება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას და იმედოვნებენ, რომ შეთანხმება შესრულდება. ამაზე მკაფიო პასუხს იმის თაობაზე, რა იგულისხმებოდა შეთანხმების დროს, ვის რა ვალდებულება გვაქვს, ამაზე მკაფიო პასუხს ვერავინ მიიღებს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დატოვე კომენტარი