დავით უსუაშვილი - დღეიდან ჩავერთვებით საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატებში, არ გამოვრიცხავ ხელისუფლების მიერ მომზადებული ზოგიერთი ცვლილების მხარდაჭერას
ხელისუფლებამ მოახერხა და ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას ჩამოვრჩით. ეს მათი არასწორი რიტორიკისა და პოლიტიკის გამო მოხდა. ახლა საქართველოს მეორე შანსი აქვს მიცემული და ამ შანსის გამოყენებას მაქსიმალურად შევეცდებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო“ ყურადღებით გაეცნობა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებს.
„გვესმის, რომ ამისთვის გადაწყვეტილებების მიღება საჭიროა პარლამენტში. სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პროექტების წარდგენის დროს ვიქნებით არა ჯიუტნი და არასათანამშრომლო, არამედ მოქნილი. დიდი ყურადღებით გავეცნობით მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტებს. ამ პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები იმიტომ ვართ, რომ ერთი პრობლემის სხვადასხვა ხედვა გვქონდეს. დღეიდან, ჩვენ ჩავერთვებით საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატებში და შევეცდებით, ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მივიღოთ. არ გამოვრიცხავ ხელისუფლების მიერ მომზადებული ზოგიერთი ცვლილების მხარდაჭერას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.