დავით უბილავა - „საბურთალოში“ გადმოსვლა კლუბისა და მთავარი მწვრთნელის ფაქტორმა განაპირობა #1TVSPORT
დავით უბილავა - „საბურთალოში“ გადმოსვლა კლუბისა და მთავარი მწვრთნელის ფაქტორმა განაპირობა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი კაპიტანი დავით უბილავა კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს. 27 წლის მცველმა გუნდში გადასვლაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, „საბურთალოს“ ვიცნობდი. მართალია, ასე ახლოს არა, მაგრამ მეგობრები მყავს და უცხო გარემოში არ მოვხვედრილვარ. ძალიან თბილად დამხვდნენ, რაც სასიამოვნოა. კარგად ვიცნობ „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელს, რომელთან ერთადაც მიმუშავია. მეგობრული და შეკრული კლუბია, რაც წინსვლისთვის და წარმატებებისთვის აუცილებელია. პირველი, რის გამოც არჩევანი „საბურთალოზე“ გავაკეთე, მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის ფაქტორია. ვიცი მისი ხედვა და ფეხბურთისადმი მიდგომა. ასევე მნიშვნელოვანი იყო კლუბის ფაქტორი – „საბურთალო“ ვითარდება, წინ მიიწევს, მაღალი მიზნები და გეგმები აქვს. მინდა, ამ წინსვლაში ჩემი წვლილიც შევიტანო“, – ამბობს უბილავა.

„წინა წელზე უკეთესი შედეგი უნდა ვაჩვენოთ, ამის შესაძლებლობა გუნდს ნამდვილად გააჩნია. კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია, დიდი კონკურენციაა და მჯერა, წინსვლა იქნება. მინდა, „საბურთალოსთან“ ერთად წარმატებებს მივაღწიო, როგორც საქართველოში, ასევე ევროტურნირებზე. კონფერენს ლიგაზე შეგვიძლია რამდენიმე ეტაპის გადალახვა და შორს წასვლა. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ასევე, კარსაა მომდგარი სუპერთასის მატჩი. შეგვიძლია, რომ ეს ტიტული მოვიგოთ. გამოვალთ მინდორზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ. გვინდა სეზონი კარგი განწყობითა და გამარჯვებით დავიწყოთ. ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა, რადგან პირველი ქართული ტიტულის მოლოდინში ვარ. უნდა მოვიგოთ, სხვა შედეგი არც განიხილება“.

„ლოკომოტივის” ყოფილი კაპიტანი არ მალავს, რომ მისთვის ამ გუნდიდან წამოსვლა რთული იყო: 

„კარიერის დიდი ნაწილი „ლოკომოტივში” გავატარე, იქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. საწყენია, რომ კლუბის ძირითადმა ბირთვმა დატოვა გუნდი, მაგრამ უკეთესის იმედი ყოველთვის მაქვს. მინდა „ლოკოს“ მომავალში წარმატებები და წინსვლა ვუსურვო. ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევები იწყება და მინდა, ბევრი კარგი მოგონებები უკვე „საბურთალოსთან“ მაკავშირებდეს. მაქსიმალურად დავიხარჯები და წინსვლისთვის ყველაფერს გავიღებ“.