დავით თვალაბეიშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ელექტროენერგიის იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებული
დავით თვალაბეიშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ელექტროენერგიის იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა „თიბისი კაპიტალის“ მიერ საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის შესახებ კვლევის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

კვლევაში გაანალიზებულია ელექტროენერგიის სექტორი 2019 წლის მდგომარეობით. პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკული სექტორისა და თიბისის ბანკის კლიენტები დაესწრნენ.

„ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ამდენად, მისი სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, მომავალი ათწლეულების განმავლობაში განვავითაროთ ჩვენი ენერგეტიკა და ეკონომიკა. კვლევის შედეგები დაგვეხმარება, დავხვეწოთ ჩვენი გეგმები და სტრატეგია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში აჭარბებს გამომუშავების ზრდას.

„დღეს საქართველოს ენერგეტიკა მნიშვნელოვანი გზაგასაყარის წინაშე დგას. ცვლილებები ბევრი მიმართულებით ხორციელდება. უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება ახალი კანონი ენერგეტიკის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის სათამაშო მოედანს ენერგეტიკის სფეროში და ბაზარზე ახალ მოთამაშეებს შემოიყვანს. ჩვენი ამოცანაა, ბაზარზე გაიზარდოს კონკურენცია და გამჭვირვალობა აღნიშნულ სექტორში. ჩამოყალიბდება ელექტრონული ბირჟა, სადაც ივაჭრებენ ბაზრის მოთამაშეები – გენერაციის კომპანიები, ტრეიდერები, მომხმარებლები. ეს ყველაფერი განხორციელდება ეტაპობრივად, 2021 წლიდან ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება სხვა კანონპროექტებზეც, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლიან საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს. ასეთ პროექტებს შორის მან დაასახელა კანონპროექტები „ენერგოეფექტურობის“ და „განახლებადი ენერგიის შესახებ“ და სხვა.

„ჩვენ მხარში ვუდგავართ ისეთ პროექტებს, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მომავალი 10 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტსა და გარე ფაქტორებზე არ ვიყოთ დამოკიდებული,“ – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

„თიბისი კაპიტალის“ მოლოდინით, მიმდინარე და დაგეგმილი ჰიდროსადგურების პროექტების დასრულების ფონზე, 2023 წლისათვის საქართველოში დადგმული სიმძლავრე 600 მგვტ-ით გაიზრდება, რაც დამატებით 2.3 ტვტ. სთ-ით გაზრდის ელ. ენერგიის გენერაციას. თბოსადგურების გამომუშავებასთან ერთად წლიური გენერაცია 14.8 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.

კვლევიდან ჩანს, რომ 2023 წლისათვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე ელ. ენერგიის მოხმარება 28%-ით, 16.1 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.