დავით სუბელიანი - იმედი მაქვს, დღევანდელი აქცია რაღაც მესიჯს მიიტანს ხელისუფლებასთან
დავით სუბელიანი - იმედი მაქვს, დღევანდელი აქცია რაღაც მესიჯს მიიტანს ხელისუფლებასთან

იმედი მაქვს, დღევანდელი აქცია რაღაც მესიჯს მიიტანს ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებულმა დავით სუბელიანმა ვაკის პოლიციის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„ეს დაკავება ჩემთვის განსაკუთრებული არ არის. რამდენიმე საათი ვიყავი პოლიციის განყოფილებაში. განსაკუთრებული გამოცდილება აქ არ მქონია გარდა იმისა, რომ ადვოკატებს დაველოდეთ, დაკავების ოქმის შინაარსს არ დავეთანხმეთ. ამაზე ალბათ მომავალშიც იქნება მსჯელობა. ხელწერილით გაგვათავისუფლეს“, – განაცხადა დავით სუბელიანმა.

მისივე თქმით, ყველა უსამართლობაზე აქციები გაგრძელდება.

„ალბათ ასე გაგრძელდება, იქნება აქციები ყოველ უსამართლობაზე. ეს ენერგია, რომლითაც რაღაც ცვლილებები უნდა გავაკეთოთ, შემდეგ იხარჯება რაღაც ქუჩის აქციებში და პოლიციის შენობასთან საქმის გარჩევაში, რაც არის მოპარული დემოკრატია, რადგან სწორედ დისკუსიის, პროტესტის ფონზე უნდა ხდებოდეს რაღაც ცვლილებების გენერირება“, – აღნიშნა დავით სუბელიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვერ ახერხებს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას.

„იმედი მაქვს, დღევანდელი აქცია რაღაც მესიჯს მიიტანს ხელისუფლებასთან. უკვე სათვალავი აგვერია, მერამდენე მუშა, მშრომელი გარდაიცვალა სამუშაო ადგილას იმის გამო, რომ სახელმწიფო, „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს მინიმალური აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დანერგვას სამუშაო ადგილზე. ალბათ გაგრძელდება პროტესტი. ბუნებრივია, რომ უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა დავით სუბელიანმა.

ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ექვსივე ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. აქცია შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაიმართა. დემონსტრანტები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც 31 მარტს სამშენებლო სამუშაოებზე ორი მუშა დაიღუპა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც ექვსი პირის დაკავება მოჰყვა.