დავით სონღულაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ფერმა, ცხოველთა საკვების საწარმო და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კომპანიების – Family Farm-ისა („ფემილი ფარმი“) და FFF Georgia-ს („ფფფ ჯორჯია“) მესაქონლეობის ფერმა, ცხოველთა საკვების საწარმო და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
მინისტრი თანამედროვე სტანდარტების ფერმაში ცხოველთა კვების სისტემის მუშაობის პრინციპებს გაეცნო, მოისმინა ინფორმაცია ბიოუსაფრთხოების წესებისა და ვეტერინარული კონტროლის მექანიზმის შესახებ. ასევე, დაათვალიერა მშენებარე ობიექტი, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კომპანია წარმოების სიმძლავრეების გაზრდას შეძლებს. ცხოველის საკვების საწარმოში ყურადღება გამახვილდა მარცვლეულის მიღების, ხარისხის კონტროლისა და შენახვის საკითხებზე.
დავით სონღულაშვილმა ქართული წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არაერთ პროექტს და პროგრამას ახორციელებს, რომელთა ფარგლებში ფერმერებისა და მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, ბაღების გაშენება, თანამედროვე სარწყავი სისტემების მოწყობა და კიდევ არაერთი მიზნობრივი მხარდაჭერა.
ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.