დავით სონღულაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმო დაათვალიერა
დავით სონღულაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე მეღვინეობა „მარნაველი“ დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობასა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

„ქვემო ქართლში ვიზიტის მთავარი მიზანია სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოების საქმიანობის და იმ შედეგების ადგილზე გაცნობა, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საწარმოები ქმნიან სამუშაო ადგილებს, აძლიერებენ ადგილობრივ ეკონომიკას და ზრდიან ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს. რეგიონებში ვიზიტების დროს, ვხვდებით ფერმერებს, ვისმენთ მათ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რათა სახელმწიფო მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ. ძლიერი სოფელი და ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ ეკონომიკას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, მეღვინეობა „მარნაველი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. მათივე ცნობით, კომპანიამ, წარმოების გაფართოების მიზნით, არაერთხელ ისარგებლა სახელმწიფო პროგრამით – „შეღავათიანი აგროკრედიტი“. საწარმოში მიმდინარეობს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ჩამოსხმა და რეალიზაცია. უზრუნველყოფილია წარმოების სრული ციკლი, რომელიც მოიცავს ყურძნის მიღებას, ღვინის, საბრენდე სპირტისა და ღვინის ბრენდის წარმოებასა და ჩამოსხმას.

„საწარმოს წლიური წარმადობა ხუთ მილიონ ბოთლს აღწევს. წარმოებული პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე გადის აშშ-ში, ჩინეთში, უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში. საწარმოში მუდმივად 120 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნით კომერციული ბანკების მიერ საქართველოს მასშტაბით 300 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების აგროსესხია გაცემული, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 74 მილიონ ლარს აღემატება. მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტების მოცულობა ცხრა მილიონ ლარზე მეტია, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება სამ მილიონ ლარს აღემატება“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.