დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციაში – Agriculture: Mobilizing Countries for Nature მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი კლიმატის ცვლილების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

მათივე ცნობით, პანელზე „მსოფლიო და ბაქო COP29-ის შემდეგ: მიღწევები, პერსპექტივები და შესაძლებლობები კლიმატის ცვლილების სფეროში“ სიტყვით გამოსვლისას დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის როლს.

„კლიმატის ცვლილება ჩვენ, ყველას გვეხება. გადაუდებლად აუცილებელია, ქვეყნებმა ერთობლივად ვიმუშაოთ როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკულ დონეზე. საქართველო მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა პარტნიორებთან, განსაკუთრებით ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა COP და მსგავსი ინიციატივები. კლიმატის ცვლილება არ არის თეორიული გამოწვევა, ეს არის ყოველდღიური რეალობა, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს. საქართველოს აქვს მზაობა, ეს ნაბიჯები გადადგას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია, რომელშიც არაერთი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მიზნად ისახავდა ბუნებაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციას, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სტანდარტების წახალისებას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას.