დავით სონღულაშვილი - ვხვდებით, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებით კმაყოფილი ვერ იქნება შესაბამისი სექტორი, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესი ბევრად უფრო ძლიერია
დავით სონღულაშვილი - ვხვდებით, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებით კმაყოფილი ვერ იქნება შესაბამისი სექტორი, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესი ბევრად უფრო ძლიერია

ჯამში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებით კანონპროექტი შემუშავებულია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გვაქვს საზოგადოებაში, ეს არის ლუდომანია, ამაზე ყველა ვთანხმდებით მგონი და არავინ არ არის წინააღმდეგი, – ამის შესახებ აზარტულ და მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა, უმრავლესობის წევრმა, დავით სონღულაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც კანონპროექტზე მსჯელობენ.

მისი თქმით, საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება საკითხს და პრობლემას ვებრძოლოთ საკანონმდებლო დონეზე.

„წარმოდგენილია კანონპროექტი, რომლითაც ვფიქრობთ, რომ ეს არის დასაწყისი, რითიც შეგვიძლია ამ გამოწვევას პასუხი გავცეთ. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზუსტად ვიცი, რომ როდესაც რაღაც რეგულაციები სექტორში შემოგაქვს, აუცილებლად ვერც სექტორი იქნება ბედნიერი და აუცილებლად ფინანსურ ნაწილში აისახება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოწვევა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ ეს მოცემულობა და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მამოტივირებელი ამ ყველაფრის. აქედან გამომდინარე, შემუშავდა ეს კანონპროექტიც. ეს კანონპროექტი ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ეს არის ორი მარტივი მოცემულობა, ერთი – შევზღუდოთ მაქსიმალურად წვდომა და მეორე – შევზღუდოთ პროვოცირება ინტერესის. ნომერი პირველი ამოცანა არის ამ ძალიან დიდი გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლა, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი საკითხი, რაც ამ კანონპროექტშია მოცემული, არის მიმართული ერთი მხრივ, რომ შეზღუდოს წვდომა, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი მაქსიმალურად, რათა ეს შეიზღუდოს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ზუსტად ვიცით და ვხვდებით, რომ გავლენა ექნება შესაბამის სექტორზე, თუმცა უფრო დიდ მიზანს და უფრო დიდ საკითხს ემსახურება. ეს არის მოცემულობა, როცა საზოგადოებრივი ინტერესი ბევრად უფრო ძლიერია ამ საკითხთან მიმართებით და ბევრად უფრო დიდია ამ გამოწვევისგან დაზიანებული ოჯახები. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ სექტორი ვერ იქნება კმაყოფილი, თუმცა მეორე მხარეს საზოგადოებრივი ინტერესი ბევრად უფრო დიდია“, – განაცხადა სონღულაშვილმა.