დავით სონღულაშვილი - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში მოქმედი ეროვნული სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოება 2028 წლისთვის განხორციელდება
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა DCFTA ვალდებულების შესრულების შესახებ ისაუბრა.
„2028 წლისთვის დასრულდება DCFTA ვალდებულებიდან გამომდინარე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში მოქმედი ეროვნული სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოება. გაგრძელდება აქტიური მუშაობა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, რაც მომხმარებლისათვის უვნებელი სურსათის მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ასევე ხელი შეეწყობა გარემოსთან ადაპტირებული, კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გავრცელებასა და ბიოწარმოების განვითარებას.
მისივე თქმით, გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის პროცესების ხელშეწყობის, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა; აგრარული დეფიციტური პროფესიების მხარდამჭერი პროგრამები; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის რისკების შემცირების მიზნით დაიხვეწება აგროდაზღვევის პროგრამა; მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პროდუქციის ახალი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების ინფრასტრუქტურის შექმნა და თანამედროვე საწარმოო ხაზით აღჭურვა; ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა და ასევე, წარმოებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება; სასათბურე მეურნეობების განვითარება; სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (მათ შორის, მოსავლის ამღები) თანადაფინანსება.
„მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ შეიქმნება ფერმერული მეურნეობების ადმინისტრირების თანამედროვე სისტემა, მათ შორის, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემა, რა თქმა უნდა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება საძოვრების მდგრადი მართვა და დაინერგება ფერმერთა კოოპერირების ახალი, მოქნილი მექანიზმები ფერმერებისა და მწარმოებელი ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის სტიმულირებისთვის“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა.