დავით სონღულაშვილი – საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქო, აზერბაიჯანი) ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყნებთან, რაც ჩვენს პარტნიორებს საქართველოს გავლით მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობებს აძლევს. მოხარული ვიქნები, საქართველოში ვუმასპინძლო ჩემს კოლეგა მინისტრს, რომ პირისპირ განვიხილოთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და ის შესაძლებლობები, რაც ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა და ურთიერთმხარდაჭერა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
საუბარი შეეხო იორდანიიდან ზეითუნის ზეთისა და ბოსტნეულის იმპორტის, საქართველოდან კი, ცოცხალი და დაკლული ცხვრის, ჰალალის სტანდარტით სერტიფიცირებული ფრინველის ხორცის, თხილის, ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა სასმელების იორდანიის ბაზარზე ექსპორტის საკითხებს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.