დავით სონღულაშვილი - საქართველოს გამოცდილება ადასტურებს, რომ მცირე ქვეყანასაც შეუძლია ანგარიშგასაწევი წვლილის შეტანა გლობალურ პროცესებში, თუ პოლიტიკას საერთაშორისო პარტნიორობა განსაზღვრავს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში, გაერო-ს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე (UNEA-7) სიტყვით გამოვიდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სესია 8-13 დეკემბერს გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის სათავო ოფისში იმართება და მისი მთავარი გზავნილია – „მდგრადი გადაწყვეტილებები უკეთესი პლანეტისთვის“.
UNEA-7-ს ესწრებიან 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართულების მინისტრები, მათ შორის, ბელგიის, ფინეთის, ნორვეგიის, სლოვენიის, ნიდერლანდების, უნგრეთის, დანიის, თურქეთის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, იორდანიის, კატარის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ყაზახეთის, და, ასევე, 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სესიის გახსნას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და კენიის პრეზიდენტი უილიამ სამოი რუტო მიესალმნენ.
დავით სონღულაშვილმა ლიდერთა პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიღწეულ პროგრესსა და იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა გლობალური მდგრადი განვითარების პროცესებში ასრულებს.
მინისტრმა ყურადღება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაც აუცილებელი წინაპირობაა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისთვის. მისივე სიტყვებით, საქართველოს სტრატეგიული არჩევანი კვლავაც მშვიდობაა – როგორც მუდმივი პასუხისმგებლობა და განვითარების ფუნდამენტური საფუძველი.
დავით სონღულაშვილმა სესიის მონაწილეებს საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი მმართველობის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და მწვანე განვითარების მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები გააცნო და ყურადღება გაამახვილა: 2026 წლის იანვრიდან ერთჯერადი პლასტმასისა და გაფართოებული პოლისტიროლის (EPS) ნაწარმის აკრძალვაზე; წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის მიღებაზე, რომელიც ევროკავშირის დირექტივებთან სრულ თანხვედრაშია; ასევე, სათბური გაზების გამონაბოლქვის 2035 წლისთვის 50%-ით შემცირებაზე და 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალობის მიღწევაზე.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაცული ტერიტორიების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობის გაორმაგება და 2035 წლისთვის ქვეყნის ტერიტორიების, მინიმუმ, 30%-ის დაცვით უზრუნველყოფის გეგმა წარმატებით ხორციელდება.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოს გამოცდილება ადასტურებს, რომ მცირე ქვეყანასაც შეუძლია ანგარიშგასაწევი წვლილის შეტანა გლობალურ პროცესებში, თუ მდგრად პოლიტიკას საერთაშორისო პარტნიორობა და ძლიერი პოლიტიკური ნება განსაზღვრავს.
სესიის გახსნას, დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში და აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი გია მაჭარაძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.