დავით სონღულაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს და გარემოს დაცვის ექსპერტებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს და გარემოს დაცვის ექსპერტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს და გარემოს დაცვის ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამა „შავი ზღვის გალურჯების“ (BBSEA) ფარგლებში ჩატარებული კვლევის – „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ შემაჯამებელი ანგარიში განიხილეს.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის სრულყოფისა და მისი ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით.

ანგარიშში წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები ოთხი მიმართულებით: პლასტმასით ზღვის დაბინძურების ხარისხის დიაგნოსტიკა; მდინარეებიდან პლასტმასის ნარჩენების ამოღების ტექნოლოგიების შეფასება; პლასტიკთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის, საინვესტიციო პრიორიტეტებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება; შავი ზღვის მიკროპლასტიკით დაბინძურების ხარისხის შეფასება.

შეხვედრაზე მხარეებმა პლასტმასით დაბინძურების პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი კონკრეტული რეკომენდაციები განიხილეს, რაც სრულ თანხვედრაშია დოკუმენტების „საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია 2016–2030 წლები“ და „ცირკულარობის გზამკვლევი 2024“-ის შესრულებასთან.

„პლასტიკით გარემოს დაბინძურებით გამოწვეული მდგომარეობა და სურათი საკმაოდ რთულია. მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება. ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, რომ ერთიანი ძალისხმევით მოვიფიქროთ, როგორ შეიზღუდოს და მინიმუმამდე დავიდეს პლასტიკის მოხმარება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადებში წარმოადგენს პრობლემის შემცირებისა და საბოლოოდ აღმოფხვრის ეფექტიან სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როლანდ პრაისმა მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი შავი ზღვის დაბინძურების მართვა, რაც მისასალმებელი ფაქტია.

„გამოწვევებისა და პრობლემის მოცულობის დასადგენად შეთანხმებულად ვიმუშავეთ ანალიტიკურ დოკუმენტზე. არსებობს მტკიცე თანამშრომლობა ჩვენსა და სამინისტროს შორის“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის პროგრამა „შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვისთვის საერთო რეგიონული ჩარჩოს შექმნას და ორიენტირებულია ეკონომიკის გაძლიერების, ზღვის დაბინძურების შემცირების და ეკოსისტემების აღდგენის, მდგრადი თევზჭერისა და აკვაკულტურის განვითარების, „ლურჯი სამუშაო ადგილების“ (blue jobs) შექმნის, რეგიონული თანამშრომლობისა და შესაძლებლობების განვითარებაზე.

პროგრამა ხორციელდება ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე შავი ზღვის კომისიის (BSC), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის (CMA) და ევროკომისიის (EC) აქტიური ჩართულობით.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ზურაბ ეზუგბაია ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.