დავით სონღულაშვილი – მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა აუცილებელია, რადგან მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება
2026 წლის რთველზე საქართველოში ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდებიან, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, წინასწარი პროგნოზით, ქვეყანაში ყურძნის მოსავალმა შესაძლოა 320 ათას ტონას გადააჭარბოს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, წლევანდელი წელი მოსავლიანობის თვალსაზრისით გამორჩეულია არა მხოლოდ მევენახეობა მეღვინეობის, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებისთვისაც.
„წლევანდელ წელს იქნება უპრეცედენტო რთველი მოსავლის რაოდენობის კუთხით. წინასწარი პროგნოზებით, ყურძნის მოსავალი 320 ათას ტონას გადააჭარბებს, რაც, ალბათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის ასეთი დიდი მოსავლის პირველი შემთხვევა იქნება. წლევანდელმა კლიმატურმა პირობებმა გარკვეული გამოწვევები შექმნა – უხვი ნალექის გამო, ვაზს ზოგ შემთხვევაში უჭირს შაქრიანობის შესაბამისი მაჩვენებლის მიღწევა, რის გამოც ყურძნის კრეფას ცოტა უფრო მეტი ხნით უნდა დაველოდოთ. თუმცა, რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის და ვფიქრობთ, რომ არსებულ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მოსავლის ასეთი რაოდენობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი სრულად დაბინავება, არამედ მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი მართვა და შემდგომი რეალიზაციის შესაძლებლობების გათვალისწინება.
„როდესაც ასეთი დიდი მოსავალი გვაქვს და ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტებია ღვინო და ყურძნისეული სპირტი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოცულობის მოსავალიც შესაბამისად დაბინავდეს. ამასთან, სადაც შესაძლებელია, მნიშვნელოვანია მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა, რადგან ამ მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება. დღევანდელი გლობალური ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, ღვინისა და ყურძნისეული სპირტის მიმართულებით საკმაოდ რთული ვითარებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხარისხობრივად მივყვეთ მოსავალს, რათა შემდგომ წლებში დაბინავების პრობლემა არ შეიქმნას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.