დავით სონღულაშვილი იტალიური კომპანიის, EUROVO-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კვერცხის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, EUROVO-ს აღმასრულებელ დირექტორს, სილვია ლიონელოს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის დირექტორმა, კომპანიის შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებთან ერთად, ქართული დელეგაციის წევრებს საწარმოები დაათვალიერებინა და კვერცხის წარმოების თანამედროვე მოდელები და ინდუსტრიული მართვის ეფექტიანი სისტემები გააცნო. მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიოუსაფრთხოების სტანდარტებსა და ფერმების მართვის საუკეთესო პრაქტიკებს, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებასა და სექტორის მდგრად განვითარებას.
„ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ საქართველოსთან კოლაბორაციას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, იმის, რაც ამდენი წლის განმავლობაში შევქმენით. შესაძლოა, საქართველოსთან გრძელვადიანი პარტნიორობა გამოგვივიდეს“, – აღნიშნა კომპანია EUROVO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სილვია ლიონელომ.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველოში კვერცხის წარმოება აგროსექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
„შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რაც უზრუნველყოფს ბიოუსაფრთხოების მაღალი სტანდარტის მიღწევას და დარგის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა მინისტრმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩი თეოდორიკო ნანი, ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია და სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი იმყოფებოდნენ.