დავით სონღულაშვილი - გურჯაანი ღვინის მუნიციპალიტეტად ყალიბდება
დავით სონღულაშვილი - გურჯაანი ღვინის მუნიციპალიტეტად ყალიბდება

გურჯაანი 12 ოქტომბერს მასშტაბური ღვინის ფესტივალისთვის ემზადება. ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 200-ზე მეტი ღვინის კომპანია იქნება წარმოდგენილი, ვიზიტორების რიცხვი კი, წინასწარი გათვლებით, 10 ათასს გადააჭარბებს. სამომავლოდ გურჯაანი მეღვინეობის მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის შესახებ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში წლევანდელი რთველი და მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. დისკუსიის დროს 12 ოქტომბერს გურჯაანში დაგეგმილი ღვინის ფესტივალის მნიშვნელობას და პერსპექტივებსაც შეეხო საუბარი, რომელიც წელს მესამედ გაიმართება.

„ღვინის ფესტივალი გურჯაანში მესამე წელია ტარდება. ეს ღვინის ფესტივალი შარშანწინ იმით დაიწყო, რომ 27 მეღვინე დარეგისტრირდა და ვიზიტორების რიცხვიც საკმაოდ ცოტა იყო. დაახლოებით, ათასამდე სტუმარი გვყავდა. შარშან 100-მდე მეღვინე დარეგისტრირდა და სტუმრების რიცხვი ექვსი ათასამდე ავიდა. წელს უკვე 200-ზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული. ეს არის ადგილი, სადაც მცირე მეღვინეებს საშუალება ეძლევათ, იქ ჩამოსულ სტუმრებს საკუთარი ღვინო დააგემოვნებინონ და გააცნონ. ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ კარგი პლატფორმა, რაც მეღვინეობის მიმართულებით იქმნება. წელს 10 ათასზე მეტ სტუმარს ველოდებით. ეს ფაქტია მნიშვნელოვანია, როგორც მეღვინეებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის, რადგან მეღვინეები წარმოდგენილი არიან მთელი კახეთის რეგიონიდან და მთელი საქართველოდან: ბაღდათიდან, გორიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, აჭარიდან. ფაქტობრივად, ეს არის საშუალება, როცა მეღვინეს შეუძლია თავისი ღვინო გააცნოს არა მხოლოდ ქართველს, არამედ უცხოელსაც. შარშან იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პირდაპირ იქვე მოხდა ხელშეკრულებების გაფორმება დიდ ქსელურ ობიექტებში შესვლაზე, ან ექსპორტზე გასვლის. ერთ-ერთმა მონაწილემ მთელი წლის მოსავალი იქვე გაყიდა და აღარ ჰქონდა საწვალებელი“, – განმარტა სონღულაშვილმა.

გურჯაანის მაჟორიტარის ინფორმაციით, სამომავლოდ გურჯაანს მეღვინეობის მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებაზე აქვს ამბიცია.

„საბოლოო ჯამში გურჯაანი პოზიციონირებას აკეთებს, როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტი, რამდენიმე არგუმენტის გამო. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ყველაზე მეტი ადგილწარმოშობის ღვინოები არის გურჯაანში – საქართველოს ადგილწარმოშობის ღვინოების 33 პროცენტი მოდის გურჯაანზე; მეორე – ყველაზე მეტი სავენახე ფართობები არის გურჯაანში; ყველაზე მეტი ღვინის მარნები და ღვინის ქარხნები არის გურჯაანში. ჩვენ გურჯაანელებს გვაქვს იმის ამბიცია, რომ მეღვინეობის მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ“, – განუცხადა დავით სონღულაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი