დავით სონღულაშვილი - გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღეისთვის 270 საწარმოა შექმნილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საკონსერვო საწარმო დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგოც უწყება წერს, საკონსერვო საწარმო „ჯეონატურალსი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში ჯამურად მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის, 450 000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია, 370 000 – საგრანტო თანადაფინანსება. საწარმომ, სადაც მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული, 2024 წელს მილიონი ქილა კონსერვი აწარმოა. პროდუქცია ბრენდით „სადილი“ იყიდება.
„დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამამუშავებელი სექტორის წარმადობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 270 საწარმო, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებშია შექმნილი, მოიცავს ხილისა და ბოსტნეულის, თხილის, ჩაის, კაკლის, რძის, თევზის, ხორცის გადამმუშავებელ მიმართულებებს. ქვეყანაში იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას უწევს იმპორტირებულ საქონელს და ეტაპობრივად საექსპორტო ბაზრებზეც იმკვიდრებს ადგილს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკონსერვო საწარმო „ჯეონატურალსი“ სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი ერთ-ერთი წარმატებული საწარმოა, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე თავი უკვე დაიმკვიდრა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 270 საწარმო შეიქმნა, რომლებიც თანადაფინანსებულია 126 მლნ ლარზე მეტით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.