დავით სონღულაშვილი - ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარვადგინოთ, რა მიღწევები გვაქვს, რა გზა გავიარეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ
დავით სონღულაშვილი - ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარვადგინოთ, რა მიღწევები გვაქვს, რა გზა გავიარეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარვადგინოთ, რა მიღწევები გვაქვს, რა გზა გავიარეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომელიც, საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ათენში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 35-ე რეგიონულ შეკრებაში იღებს მონაწილეობას.

„ფრანკოფონიის საპარლამენტო გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის რეგიონის პირველი შეკრებაა მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარდა გენერალური ასამბლეა და გავხდით ასოცირებული წევრები. თვითონ ფრანკოფონია არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან, მოგეხსენებათ, ამ პლატფორმით გვექნება შესაძლებლობა, ისეთ ქვეყნებთან, რომლებთანაც არ გვაქვს ადვილი დიპლომატიური ურთიერთობა, რომ მათ კიდევ ერთხელ დაადაასტურონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რაც შეეხება შეკრებაზე მყოფ ევროპის ქვეყნების პარლამენტების დელეგაციებს, სონღულაშვილის თქმით, საქართველოს დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გააცნოს მათ ქვეყნის პროგრესი.

„ევროპის რეგიონის შეკრებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათი განწყობები და დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თავისთავად ცხადია, თითოეული დელეგატი წარმოადგენს თავისი ქვეყნის პარლამენტს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების პარლამენტების მხარდაჭერა, რათა ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. შესაბამისად, ცხადია, როდესაც ასეთ პლატფორმაზე გვეძლევა შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ წარვადგინოთ, გავაცნოთ, თუ რა მიღწევები გვაქვს და რა გზა გავიარეთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ცალსახად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.