დავით სონღულაშვილი - ყველა რესურსია მობილიზებული, რათა ეფექტიანად განხორციელდეს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, მნიშვნელოვანია სამინისტროს, ფერმერების ერთობლივი ძალისხმევა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის განახლებული რეგიონული ცენტრი დაათვალიერა და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სამინისტროს, თვითმმართველობებისა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელეს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მავნებელთან ბრძოლის მიდგომებსა და სამოქმედო გეგმაზე.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობის როლს, რომელთა წარმომადგენლები ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინაციით მონაწილეობენ ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და მოსახლეობის ინფორმირების პროცესში.
„ყველა რესურსია მობილიზებული, რათა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ეფექტიანად განხორციელდეს. მავნებელთან ბრძოლის არსებული კომპლექსური მიდგომაა, ყველა რგოლის, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა სოფლის რწმუნებულის დონეზე, თითოეულ ფერმერთან აქტიური კომუნიკაცია. ვერ გავყოფთ ზღვარს, რა არის ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის გასაკეთებელი და რა – ფერმერის. ფაქტობრივად, ეს არის გამოწვევა, რომლის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა მინიმუმამდე შევამციროთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და ლაშა დოლიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, „საქართველოს მელიორაციის“, ასევე სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
„ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში მობილიზებულია 250-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, შექმნილია მავნებლის გავრცელების მონიტორინგის და მოსახლეობის ინფორმირების სისტემები. განახლდა და კეთილმოეწყო სივრცეები, სადაც შესაძლებელია ფერმერებსა და დაინტერესებულ მხარეებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.