დავით სონღულაშვილი - ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში და ვიზრუნო მათი ინტერესების დასაცავად
დავით სონღულაშვილი - ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში და ვიზრუნო მათი ინტერესების დასაცავად

ჩემთვის პატივია, წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში და ვიზრუნო მათი ინტერესების დასაცავად როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა საგარეჯოში მისი წარდგენისას განაცხადა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლებების გადალახვის რესურსი აქვს.

„რთულ პერიოდში მოგვიწევს საქმიანობა. პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, გამოწვევებიც ერთიორად ამწვავებს ეკონომიკურ თუ სოციალურ ფონს.

სირთულეების ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენმა ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლებების გადალახვის რესურსი აქვს. როცა ზრუნვა ადამიანზე არის უპირველესი ღირებულება, როცა მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მთავარი ორიენტირია, ეკონომიკური თუ სოციალური ზედნაშენები აღარ წარმოადგენს სირთულეს.

მოსახლეობა, ჩვენ ხალხი, ჩვენი კახელები ამას კარგად ხედავენ და კარგად გრძნობენ.

ხელისუფლების ანტიკრიზისული პაკეტები უკვე მოქმედებაშია და მის ნაყოფსა და შედეგს უმრავლესობა პოზიტიურად აფასებს.

წარდგენას დავასწარი და საგარეჯოს უმრავლეს სოფელში უკვე შევხვდი მოსახლეობას. ცხარე დისკუსიებიც გვქონდა და აქტიური მსჯელობებიც. ვნახე, რამდენი საქმეა გაკეთებული, ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში. მე ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატს რომან მუჩიაშვილს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს.

„ძალიან კარგად იცის, რომ „ქართულ ოცნებას” ქვეყნისა და საგარეჯოს წინსვლისთვის ალტერნატივა არ ჰყავს. ფაქტია, რომ უიმედობა, რომელიც გამეფებული იყო ჩვენი თანამოქალაქეების გულში, უკეთესი ცხოვრების, კეთილდღეობის, წინსვლის შესაძლებლობებმა და იმედმა ჩაანაცვლა სამუდამოდ. თუმცა, საკეთებელსა და გასაუმჯობესებელს რა გამოლევს. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საგარეჯოში დგას, ეს არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც პირველი საზრუნავი იქნება შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. აგრეთვე დღევანდელმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდ გამოწვევად დაგვისახა წინ ინტერნეტიზაცია, რომელიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის დისტანციური განათლება.

ეს არის თხოვნა ჩემი მთავრობისადმი და დავალება, რომელიც მე პირველი შეხვედრების დროს მოსახლეობისგან მივიღე. ეს და კიდევ სხვა საკითხების მოგვარება ხელს შეუწყობს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეგიონალური განვითარების პოლიტიკის განხორციელებას, რომლის ნაწილიც არის ქალაქში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების დაახლოება. სწორედ ეს სტრატეგია უნდა გახდეს ქვაკუთხედი ჩვენი როგორც სახელმწიფოსი და ჩვენი როგორც კახეთის რეგიონის დაახლოების ევროპასთან. ღირებულებები, რომელიც გვაქვს, ნამდვილად ევროპულია. ფასეულობები, რომლებიც გვაქვს, ესეც ნამდვილად ევროპულია. ჩვენი ამოცანა არის კეთილდღეობის იმ სტანდარტებთან მიახლოება, რასაც ევროპული სტანდარტები ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიღწევა ერთად ჩვენ მოქალაქეებთან, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად შესაძლებელია უახლოეს მომავალში.

მე კახელი ვარ და მაჟორიტარობის კანდიდატობა კახეთში არ არის მხოლოდ რაღაც პოზიცია ან მომავალი თანამდებობის დაკავების სურვილი, მე ამ კულტურის ნაწილი ვარ და კახეთის მსახურება არის ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილი.

ამიტომ, ვერ იქნება ჩემი სიტყვები, ჩემი დანაპირები, ჩვენი საქმეები ფუჭი. მე მარტო არ ვარ და ჩემს უკან დიდი გამოცდილებაა, ყველაზე წარმატებული გუნდი ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ სახით.

ჩემო საგარეჯოელებო, მიმიღეთ თქვენს სამსახურში. ვემსახურები საგარეჯოს. ვიბრძოლოთ ერთად თითოეული საგარეჯოელის წარმატებისთვის, ერთად, ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის“, – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დატოვე კომენტარი