დავით სონღულაშვილი - ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარმოდგენა იქნება სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი
დავით სონღულაშვილი - ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარმოდგენა იქნება სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი

ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარმოდგენა იქნება სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან ასეთი გეგმა კერძო სექტორს ფაქტობრივად აძლევს ხედვას როგორ ვითარდება ქვეყანა და აქედან გამომდინარე მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ააწყონ საკუთარი განვითარების გეგმა, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

მისი განცხადებით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა და შესაბამისად, ეს არის ნამდვილი სტრატეგიული არჩევანი და ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება.

„მინდა, მოგახსენოთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი თავისთავად ცხადია, თავის თავში და არსში, მოიცავს რიგ რეგულაციებს. დღევანდელ დღეს, როდესაც პოსტ პანდემიური ეკონომიკის სწრაფი აღდგენა უნდა მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწორი და ოქროს შუალედი ვიპოვოთ იმისთვის, რომ ეს იყოს შესაძლებლობა კერძო სექტორისთვის და არა გამოწვევა. ამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ კერძო სექტორთან,  პროცესები გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი იმისთვის, რომ სექტორულად ჩართული იყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები თვითონ ამ პროცესში, რათა მაქსიმალურად ნაკლები ზიანით მოხდეს რეფორმების გატარება და იყოს დიდი ნდომა არსებული რეფორმების“, – აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელიც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, რადგან  მსოფლიოში ძალიან დიდი კონკურენციაა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

„ამისთვის მაქსიმალურად უნდა შეიქმნას გარემო როგორც შიდა ინვესტიციების წახალისებისთვის, აგრეთვე  უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა, რაც შეიძლება შევთავაზოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ფაქტობრივად, ამით შვიდი ქვეყნიდან ერთ-ერთი ვართ, რომელსაც ერთდროულად როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და ჯამში დამატებითი ხელშეკრულებები რაც ქვეყანას გააჩნია 2,2 მილიარდი მოსახლეობის ბაზართან აძლევს წვდომას. ეს უნდა იყოს შესაძლებლობა, რომლის კაპიტალიზაციაც უნდა მოხდეს“, – აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესზე, რაც მისი თქმით,  ეკონომიკის ხერხემალია და ეკონომიკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი დიდი სექტორია, რომელიც საკმაოდ მძიმე დაზიანდა პანდემიის დროს.

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული პროგრამების შექმნა ფინანსებთან ხელმისაწვდომობის კუთხით და ასევე, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებებით სარგებლობის შესაძლებლობების გაჩენა.  ამისთვის, მნიშვნელოვანი იქნება მივცეთ მათ შესაბამისი განათლება, შესაბამისი აღჭურვა, რომ მაქსიმალურად ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელიც ჩვენს ქვეყნას დღემდე მოპოვებული აქვს“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დავით სონღულაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მიწის რეგისტრაციაა.

„დღეს ვარ გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მაჟორიტარი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ოთხივე მუნიციპალიტეტში ერთნაირად დგას და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ ქვეყნის გამოწვევა იქნება, ეს არის  მიწების რეგისტრაციის პროცესი. სასოფლო-სამეურნეო მიწების აგრესიული პრივატიზების პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ სრულად ჩაერთოს ეკონომიკაში ის რესურსი, რომელიც რეგიონებში არსებობს და დღეს არ არის იმ დოზით ათვისებული, რა დოზითაც ათვისებული უნდა იყოს“, – აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილმა ისაუბრა ლარის კურსის სტაბილურობის მნიშვნელობაზეც, რომელიც, მისივე შეფასებით, დიდი გამოწვევაა, როგორც შიდა ბიზნესისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის.

„ეროვნულ ბანკთან ერთად კოორდინაციაში  უნდა მოხდეს ფულის მართვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება,  რომელიც გააჩენს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად სტაბილური იყოს ჩვენი ვალუტა“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილამა.