დავით სონღულაშვილი ასტანაში მიმდინარე რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ასტანაში მიმდინარე რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ასტანაში გამართული რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, აიდარბეკ საფაროვს შეხვდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების შერბილების, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის, ასევე, მეცხოველეობის, მეფრინველეობის, ფერმერულ მეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.

„საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ბოლო წლებში კიდევ უფრო გაფართოვდა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მაღალი დონის დიალოგის გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. გვაქვს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების მზარდი დინამიკა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყაზახური ინვესტიციების წახალისება საქართველოს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. ჩვენ მზად ვართ ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტებისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობაში.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად იმყოფება.