დავით სერგეენკო - ზესტაფონის მომავალი მერისთვის ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება
დავით სერგეენკო - ზესტაფონის მომავალი მერისთვის ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება

დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში გიორგი გოგლიჩიძესთან თანამშრომლობა ყველა კუთხით ნაყოფიერი იქნება, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის წარდგენაზე.

დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა ჯანსაღ გარემოზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერმა ჯანსაღი გარემო ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. ზესტაფონისთვის გარემოს სავარაუდო მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამასთან დაკავშირებით არის მუდმივი მსჯელობა, იდგმება ქმედითი ნაბიჯები. მე უკვე მქონდა წინასწარი კონსულტაცია ბატონ გიორგისთან ამ თემაზე. ჩვენ ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება გვაქვს ამ საკითხზე, რომ ზესტაფონის მომავალი მერისთვის გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. აქტუალურია ბევრი მიმართულება, სოციალური, ჯანდაცვა, მაგრამ ზესტაფონისთვის, როგორც ინდუსტრიული ქალქისთვის, გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მთავარი თემაა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა შუალედური არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების როლი და ფუნქცია მნიშვნელოვნად იზრდება.

„ეს აღარ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, მხოლოდ გზების მშენებლობები და წყალგაყვანილობის მოწესრიგება. ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ერთმანეთის ძალისხმევის გაძლიერება იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს გაუმჯობესება. მჯერა, რომ ამ ადამიანთან ერთად მივაღწევთ კონკრეტულ წარმატებას ამ თანამშრომლობაში. წარმატებას ვუსურვებ გიორგი გოგლიჩიძეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონში მერობის კანდიდატად დღეს გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა.

ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.