დავით სერგეენკო - ყოველთვის მძიმე საყურებელია, როცა ნაგებობების ძალის გამოყენებით ნგრევა ხდება, თუმცა, ვფიქრობ, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი
დავით სერგეენკო - ყოველთვის მძიმე საყურებელია, როცა ნაგებობების ძალის გამოყენებით ნგრევა ხდება, თუმცა, ვფიქრობ, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი

ყოველთვის მძიმე საყურებელია კადრები, როცა ნაგებობების ძალის გამოყენებით ნგრევა ხდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ აფრიკის დასახლებაში უკანონო ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით განაცხადა.

სერგეენკო ვარაუდობს, რომ ამ ყველაფერს წინ უსწრებდა მოლაპარაკებები, რომელიც, როგორც ჩანს, უშედეგოდ დასრულდა.

„რამდენადაც თვალს ვადევნებდი, ის შენობები, რომელთა ნგრევა და დემონტაჟი მოხდა, არც ერთი არ იყო საცხოვრებელი, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ. ეს იყო დაუსრულებელი შენობები“, – აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს განმარტებით, ოჯახებს, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ დახმარება, მერია დაეხმარება და ამის შესახებ თავად კახა კალაძემ ისაუბრა.

„რაც შეეხება იმას, რომ ქალაქის მერი ერთ-ერთ ოჯახს დაეხმარა, ასეთი პიროვნული დახმარება მისასალმებელია, მაგრამ კახი კალაძემ ისიც განაცხადა, რომ ოჯახებს, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ დახმარება და სხვა საცხოვრებელი არ აქვთ, მერია აუცილებლად დაეხმარება. აღსრულება ყოველთვის მძიმეა და ეს ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი არ იყო დარჩენილი. გამიჭირდება, ასეთი ქმედებები მოვიწონო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.

როგორც გენერალურ ინსპექციაში აცხადებენ, დემონტაჟის მიზეზი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობებია.

დატოვე კომენტარი