დავით სერგეენკო - ვინც თვლის, რომ სოციალური დახმარება გაუგებარი მიზეზებით მოუხსნეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალს მიმართოს, თუ პასუხი ვერ მიიღო, ცენტრალურ ოფისს 
დავით სერგეენკო - ვინც თვლის, რომ სოციალური დახმარება გაუგებარი მიზეზებით მოუხსნეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალს მიმართოს, თუ პასუხი ვერ მიიღო, ცენტრალურ ოფისს 

თუ მოქალაქე თვლის, რომ სოციალური დახმარება გაუგებარი მიზეზებით მოუხსნეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალს უნდა მიმართოს, ხოლო თუ პასუხი ვერ მიიღო, ცენტრალურ ოფისს სამინისტროში, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მიზნობრივი სოციალური დახმარების მეთოდოლოგია სრულყოფილი არასდროს არ არის. ჩვენ უამრავი ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და დამერწმუნეთ, ჩვენი მეთოდოლოგია ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, ეს შეღავათი არ არის იმ მოქალაქისთვის, ვისაც დახმარება მისთვის გაუგებარი მიზეზებით მოეხსნა“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, სისტემის ცდომა 0,1%-მდე ჩამოვიდა, რაც დაახლოებით, საათის მექანიზმის ცდომაა.
„0,1%-იანი ცდომა იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, სოციალური დახმარება ყოველთვიურად, 500 ადამიანს მოეხსნას, 500-ს კი, არასწორად დაენიშნოს. თუმცა, ესეც შემცირებისკენ მიდის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადგილებზე, ამ ადამიანებისთვის უბრალოდ, გაუგებარია, დახმარება რატომ მოეხსნათ. ანუ, სისტემა ნაკლებად გამჭვირვალეა“, – განაცხადა სერგეენკომ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის შესწორებები შევიდა სოციალური დახმარების პროგრამაში და როდიდან აისახება ეს ცვლილება მოსახლეობაზე, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სამინისტროს ძალისხმევა ქულების გენერატორის მორგებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, გაუქმდა გარკვეული მოთხოვნები, რომ დახმარების მიღება უფრო გაადვილებულიყო და მეორე მხრივ, უფრო გასაგები, აღქმადი გამხდარიყო.

„მთავარი, რასაც ვაპირებთ, ისაა, რომ პოლიტიკას ისევ ცენტრალური ხელისუფლება შეიმუშავებს, მაგრამ განხორციელება ეტაპობრივად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დელეგირდება, მათ წვდომა სრულ სურათზე ექნებათ და რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი თავად იქნებიან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.