დავით სერგეენკო - ვფიქრობ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლისკენ მოწოდებებს გაითვალისწინებს, ნაწილი კი ქუჩის ტრიბუნის ამარა დარჩება
დავით სერგეენკო - ვფიქრობ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლისკენ მოწოდებებს გაითვალისწინებს, ნაწილი კი ქუჩის ტრიბუნის ამარა დარჩება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, არჩევნების შემდეგ პერიოდში საქართველოს მეგობარი ქვეყნები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ.

ამასთან, როგორც სერგეენკო აღნიშნავს, ამავეს მოუწოდებდა ოპოზიციას ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციებიც, როგორებიცაა – ევროპარლამენტი და ევროსაბჭო. სერგეენკო იმედოვნებს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ მოწოდებებს გაითვალისწინებს.

„არჩევნების შემდგომ პერიოდში, საქართველოს მეგობარი არც ერთი ქვეყანა არ დარჩენილა, რომელსაც იმის მნიშვნელობა არ დაეფიქსირებინა, რომ ოპოზიცია სწორედ პარლამენტში უნდა შემოვიდეს. არ დარჩენილა ასევე არც ერთი ინსტიტუცია, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციები, როგორიცაა ევროპარლამენტი და ევროსაბჭო, რომელთაც ცალსახა მოწოდება არ გაეკეთებინათ. ალბათ, ნაწილი ამ მოწოდებებს ყურად იღებს და პარლამენტში შემოვა, ნაწილი ქუჩის ტრიბუნისამარა დარჩება, რასთან მიმართებითაც მოსახლეობის ნდობა უფრო და უფრო კლებადია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება ქართულ ოცნებასა” და პარტია “მოქალაქეებს” შორის გაფორმებულ მემორანდუმს, როგორც სერგეენკო ამბობს, ფაქტია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია რაღაც ღირებულებით საფუძვლებზე არ იყო ჩამოყალიბებული, რადგან მათი მოსაზრებები მნიშვნელოვნად იყოფა.

„მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პარლამენტში ორი ადამიანი შემოვიდა, ადასტურებს, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია. ოპოზიცია აცხადებს, არ ნიშნავს, რომ მათ შორის ყველა ერთ აზრზეა. ვფიქრობ, კიდევ იქნება შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო მანდატების გამოყენების შედაძლებლობა სხვა დეპუტატებსაც მიეცეთ. ვფქრობ, რომ ოპოზიციის ნაწილი ისარგებლებს შესაძლებლობით, რომ დებატები პარლამენტში გაიმართოს და არა ქუჩაში“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.