დავით სერგეენკო - უახლოეს დღეებში მივმართავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ლუგარის ლაბორატორიაში გამოგზავნოს მისია, რომელშიც რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩართვა
დავით სერგეენკო - უახლოეს დღეებში მივმართავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ლუგარის ლაბორატორიაში გამოგზავნოს მისია, რომელშიც რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩართვა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავთ თხოვნით, გამოგზავნონ ოფიციალური მისია, რომელშიც, სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე კომენტირებისას.

დავით სერგეენკოს თქმით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების არაერთი განცხადებისა და შეთავაზებისა, რუსეთის მხრიდან კვლავ გრძელდება მსგავსი განცხადებები.

„რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამოდენიმეჯერ მკაფიო განცხადება გავაკეთეთ იმის შესახებ, რომ 2013 წლიდან ჩვენ ვმართავთ, საქართველოს მთავრობა მართავს ამ ლაბორატორიას და არა ამერიკის შეერთებული შტატები, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მკაფიო განცხადებები გაკეთდა იმის შესახებ, რომ ეს არის სამეცნიერო -კვლევითი ლაბორატორია, რომელიც არის მიმართული იქითკენ, რომ მოხდეს ეპიდემიებისა და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექცია და პრევენცია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვიპატიჟეთ რუსი კოლეგები, რომ ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ ეს ლაბორატორია და დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, ფაქტია, რომ ეს მსჯელობა ისევ მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავთ თხოვნით, რომ გამოაგზავნონ ოფიციალური მისია, რომელშიც სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, ძირისძირობით შეისწავლიან ყველაფერს და დადებენ ოფიციალურ დასკვნას, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში.

დავით სერგეენკოს თქმით, ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით საინფორმაციო ნაკადი გაძლიერდა, ამიტომაც გადაწყდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიმართვა.

„როდესაც 2013 წელს გადმოვიბარეთ და ავამუშავეთ ეს ინფრასტრუქტურა, იქამდე მხოლოდ ვენტილაცია და გათბობა მუშაობდა, სხვა არაფერი. ჩვენ სული ჩავბერეთ. იყო ერთეული კრიტიკული სტატიები ერთი და იმავე ადამიანისგან, ვინმე სილვერ მაესგან, რომელსაც, მართალი გითხრათ, დიდ ყურადრებას არ ვაქცევდით, თუმცა მოვიპატიჟეთ რამოდენიმეჯერ ლაბორატორიაში, რათა თვითონ დარწმუნებულიყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს საინფორმაციო ნაკადი გაძლიერდა და გახდა ძალიან ინტენსიური. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა, ესკალაცია მატულობს, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომელიც მივიღეთ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაზე ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის შესახებ საქარველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ იგორ გიორგაძის განცხადება შეშფოთებას იწვევს.

„მე არ დავიწყებ იმის განსჯას, რამდენად სარწმუნოა ეს. მე ვნახე საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრის განცხადება. უპირობოდ, ეს შეშფოთებას იწვევს. ეს კვლევები, თუ ისინი მართლა ტარდება, ძალიან საშიშია და დაკავშირებულია გენეტიკის სფეროში ბოლო მიღწევებთან. იქიდან, რაც ვნახე, შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო, რომ საუბარია იმაზე, რომ ვლინდება რაღაც პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებზე შერჩევითი ზემოქმედება მოახდინონ, მათი კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის კუთვნილების შესაბამისად. ასეთი ცდები თითქოსდა უკვე ტარდება ცხოველებზე და ორი-სამი თაობის შემდეგ, უკვე ხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარდინალურად ცვლის თავდაპირველ იერსახეს. თუ ეს ასეა, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს. როგორ ვებრძლოთ ამას? ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ არაფერი ჩნდება არსაიდან და ქრება არსად. ქმედება უდრის უკუქმედებას და პირიქით. და თუ ვინმე მუშაობს ასეთ რამეზე, უნდა აცნობიერებდეს, რომ სხვებიც ამით დაკავდებიან. უმჯობესია, წინასწარ ერთად დავსხდეთ და შევიმუშაოთ ამ უკიდურესად სენსიტიურ სფეროში მოქმედების ერთიანი წესები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.