დავით სერგეენკო - თუ კომპანიების მენეჯერები უსაფრთხოების წესებს არ დაიცავენ, მკაცრად დაისჯებიან
დავით სერგეენკო - თუ კომპანიების მენეჯერები უსაფრთხოების წესებს არ დაიცავენ, მკაცრად დაისჯებიან

თუ კომპანიების მენეჯერები და უსაფრთხოების ოფიცრები უსაფრთხოების წესებს არ დაიცავენ, ისინი მკაცრად დაისჯებიან, ამის შესაძლებლობას „შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი“ ქმნის, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„წარმოვიდგინოთ, ქვეყანაში არსებობს სრულყოფილი სისხლის სამართლის კოდექსი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი გაქრება, ან მინიმუმამდე ჩამოვა, რადგან ამას სწორი ადმინისტრირება სჭირდება. თუ „შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს“ „სისხლის სამართლის კოდექსთან“ გავაიგივებთ, აქაც იგივეა, რადგან თავისთავად კანონი ვერაფერს გადაჭრის, თუ მენეჯერებმა და უსაფრთხოების ოფიცრებმა არ გაითავისეს, რომ უსაფრთხოების ნორმების დასაცავად ტექნოლოგიური შესაძლებლობები სწორად უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამ განცხადებით დავით სერგეენკომ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეძლებს თუ არა „შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის“ ამოქმედება ტრაგედიების თავიდან აცილებას და რამდენად ქმედითი იქნება სანქციები, რომელიც დამსაქმებელს უსაფრთხოების პირობების დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის შრომის ინსპექციის ფუნქცია, უწყვეტი ზედამხედველობა თუ სისტემური შემოწმება, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ შრომის ინსპექციას ხშირად, ყოვლისმომცველ სამსახურად მიიჩნევენ, რომელიც წესებს აწესებს და ამოწმებს, სრულდება თუ არა ეს წესები, მაგრამ ეს ასე არ არის.

„მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ ავტოსაგზაო მოძრაობა, როცა ინსპექტორი ავტომანქანას ტექნიკურ შემოწმებას უტარებს და ამოწმებს მძღოლს, თუ რამდენად იცის საგზაო მოძრაობის წესები, მაგრამ არ ამოწმებს, მძღოლი ამ ცოდნას რამდენად იყენებს და თავის ტექნიკურად გამართულ მანქანას რამდენად უსაფრთხოდ ატარებს. საგზაო მოძრაობის შემთხვევაში, ეს საპატრულო პოლიციის საქმეა, შრომის უსაფრთხოების შემთხვევაში კი, საკუთრივ კომპანიების უსაფრთხოების სამსახურების საქმე, რომლებმაც ეს ყველაფერი სწორად, უწყვეტ რეჟიმში უნდა აკონტროლონ. შედარებისთვის, შრომის ინსპექტორი არის ადამიანი, რომელიც მანქანის ტექნიკურ გამართულობას და მძღოლის ცოდნას ამოწმებს, ხოლო საკუთრივ კომპანიის უსაფრთხოების სამსახური საპატრულო პოლიციაა. ეს ცუდი ანალოგია, მაგრამ შინაარსს ასახავს“, – განაცხადა სერგეენკომ.