დავით სერგეენკო - შრომის ინსპექცია 2015 წელს შეიქმნა და ყველას ვთხოვ, ყურადღებით მოისმინოს, რასაც ვამბობ
დავით სერგეენკო - შრომის ინსპექცია 2015 წელს შეიქმნა და ყველას ვთხოვ, ყურადღებით მოისმინოს, რასაც ვამბობ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შრომის ინსპექცია 2015 წელს შეიქმნა.

მისი თქმით, შრომის უსაფრთხოება ხუთი დონითა და ხუთი ეშელონით კონტროლდება.

„შრომის ინსპექცია 2015 წელს შეიქმნა და ყველას ვთხოვ, ყურადღებით მოისმინოს, რასაც ვამბობ. შრომის ინსპექცია მათგან არის ერთ-ერთი, რომელიც ახორციელებს არა უწყვეტ ზედამხედველობას, არამედ სისტემურ შემოწმებას. დანარჩენი ოთხი ეშელონიდან ყველაზე მთავარი არის საკუთრივ კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობა, რომელიც 24/7-ზე უნდა ხორციელდებოდეს. უნდა გავზარდოთ შრომის ინსპექტორების რაოდენობა, მათი პორტფელი არის სისტემური ხარვეზების აღმოჩენა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დღემდე შრომის ინსპექცია ვერ იქმნება.

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას დღეს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.