დავით სერგეენკო - საზოგადოებამ კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები ყურადღებით უნდა მოისმინოს და შეასრულოს
დავით სერგეენკო - საზოგადოებამ კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები ყურადღებით უნდა მოისმინოს და შეასრულოს

ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყურადღებით მოუსმინოს და შეასრულოს რეკომენდაციები, რომლებსაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის საფრთხე საყურადღებოა, თუმცა არ არის ისეთი პანიკის საფუძველი, რომელიც ბოლო დღეებში შეიქმნა.

„საკუთრივ ამ ინფექციის საშიშროება ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა ისეთი პანიკის საფუძველი, როგორიც, სამწუხაროდ, გვაქვს ამ დღეებში. უნდა შესრულდეს რეკომენდაციები, რაც შეჯერებულია საერთაშორისო გამოცდილებასთან და ყველაფერი იქნება კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

რაც შეეხება ქვეყნის მზაობას, დავით სერგეენკო ამბობს, რომ საქართველო ჩართულია საერთაშორისო ჯანდაცვის წესებში, რომელიც მსგავსი პანდემიებისთვის მზადყოფნას ითვალისწინებს.

„საქართველო ჩართულია საერთაშორისო ჯანდაცვის წესებში, რომლიც ითვალისწინებს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ასეთ პანდემიებზე მზადყოფნა და სამოქმედო გეგმა. ასეთი გეგმა არსებობდა და შეჯერებული იყო საერთაშორისო ექსპერტებთან. მთლიანად პანდემიის ტვირთის აწევა ჯანდაცვის ყველა სისტემას უწევს, თუმცა ვფიქრობ, რომ რეაგირება რაც არის ამ დღეებში, არის სწორი, ადეკვატური და ცალსახად სისტემა დახვდა მომზადებული“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, საკარანტინო სივრცეები სათანადო პირობების გათვალისწინებით არის შერჩეული, შესაძლოა, ხარვეზები იყოს, მაგრამ სისტემური პრობლემა არ ყოფილა.

„საკარანტინო სივრცეები შერჩეული არის მართლაც მაქსიმალური კომფორტით. შეიძლება, იყოს გარკვეული ხარვეზები, თუმცა ეს სისტემური პრობლემა არ ყოფილა. რაც შეეხება სამედიცინო სისტემების მზაობას, დღევანდელი მოცემულობისთვის, მზაობა ცალსახად არსებობს. თუკი შემთხვევები გაიზრდება, არამხოლოდ სამედიცინო დაწესებულებები, არამედ მოეწყობა დროებითი სივრცეები პაციენტების მისაღებად. ამის საჭიროება დღეს არ არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დატოვე კომენტარი