დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა
დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სამინისტროს ცნობით, მინისტრი დელეგაციასთან ერთად ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე როდესაც ვსაუბრობთ, მრავალფეროვან სამყაროში შესაძლოა გაჩნდეს კითხვები, რა არის საყოველთაო ჯანდაცვა. ეს არის ადამიანის უფლება, თუ პრივილეგია მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ეს მთავრობის ვალდებულებაა, თუ კეთილი ნება?! ეს არის ყველაზე ხარჯეფექტური გზა ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების დასაძლევად?! ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც პატარა და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაბალშემოსავლიანი ქვეყნის გამოცდილება. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 2013 წელს ჯანდაცვა გამოაცხადა მთავარ პრიორიტეტად და ამ დაბალშემოსავლიანმა ქვეყანამ აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რამდენადაც მათი თანადგომის გარეშე, ვერ შევძლებდით ამ გამოწვევის დაძლევას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით არსებობს არაერთი გამოწვევა, რომლებზეც მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ამ გამოწვევებს შორის ყველაზე აქტუალურია წვდომა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, სხვადასხვა სახის დაავადებების გართულებისა და თავიდან აცილების მიზნით.

დავით სერგეენკომ განმარტა, რომ საქართველოს ისეთი ამბიციური გამოწვევის განხორციელებაში, როგორიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, სამმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, ესენია: პოლიტიკური ნება, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი და კარგი პარტნიორობა.

„კითხვაზე, რა არის საყოველთაო ჯანდაცვა – ჩემი პასუხია, რომ ეს არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, არამედ ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

წლევანდელი ასამბლეა საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა დევიზით -„არავინ დატოვო მიღმა“.