დავით სერგეენკო - არ მინდა, ზედოზირების მდგომარეობა ვინმეს დაუდგეს, მაგრამ თუკი ეს მოხდება, არც კი შეყოვნდნენ, გამოიძახონ სასწრაფო დახმარება
დავით სერგეენკო - არ მინდა, ზედოზირების მდგომარეობა ვინმეს დაუდგეს, მაგრამ თუკი ეს მოხდება, არც კი შეყოვნდნენ, გამოიძახონ სასწრაფო დახმარება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ იმის აუცილებლობა შექმნა, რომ მარიხუანას მოხმარების საკითხის დაზუსტება და სწრაფი დარეგულირება მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, სექტემბერში, როდესაც პარლამენტი მუშაობას განაახლებს, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რისი განხილვაც იგეგმება, ეს არის მარიხუანაზე რეგულაციების კანონმდებლობით გამყარება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ იმის აუცილებლობა შექმნა, რომ მარიხუანას მოხმარების საკითხის სწრაფი დაზუსტება და დარეგულირება მოხდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებებში მარიხუანის მოხმარების საკითხზე ასაკი, პროფესია და ჯგუფები გამიჯნული არ არის. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი ჩარჩოებში მოექცეს, რადგან 12 წლის ბავშვი, რომ ამას აკეთებს მსჯელობაც წარმოუდგენელია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, მოქალაქეებმა ზედოზირების დროს აუცილებლად უნდა გამოიძახონ სასწრაფო.

„ნარკოტიკების ზედოზირების დროს მოქალაქეები სასწრაფოს გამოძახებას თავს არიდებენ, რადგან ცდილობენ ძალოვან უწყებასთან ურთიერთობას მოერიდონ. მოსახლეობას, ვინც კი შეძლება ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მინდა, ვთხოვო, სასწრაფო აუცილებლად გამოიძახონ. ეს მათ არანაირ რისკს არ უქმნის. 2014-2015 წლებში ვალდებულება გავაუქმეთ, რომ ზედოზირებაზე სამედიცინო დაწესებულებას ან სასწრაფო დახმარებას შეტყობინება გაეკეთებინა, ეს ვალდებულება მოხსნილია. ზედოზირების შემთხვევაში არც სადაზღვევო პაკეტები და არც საყოველთაო ჯანდაცვა, ამ მდგომარეობის მკურნალობას არ აფინანსებდა, ესეც მოვხსენით და სახელმწიფო ზედოზირების მკურნალობას აფინანსებს. არ მინდა, ეს მდგომარეობა ვინმეს დაუდგეს, მაგრამ თუ კი ვინმეს დაუდგება, არც კი შეყოვნდეს, სასწრაფო დახმარება იმ წამსვე გამოიძახოს”, – განაცხადა სერგეენკომ.