დავით სერგეენკო - სახელმწიფოს ნაკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები გააჩნია
დავით სერგეენკო - სახელმწიფოს ნაკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები გააჩნია

სახელმწიფოს ნაკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები გააჩნია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მსგავსი ტიპის გეგმები ყოველთვის საჭიროებს კორექტირებას ბიუჯეტირების თვალსაზრისით.

„ახლა ჩვენ პრემიერის დავალებით დაგვჭირდება მნიშვნელოვანი გადახედვა, პირველ რიგში, ბიუჯეტირების მხრივ, რადგან პრევენცია, დეტექცია, რეაგირება ისედაც იყო გათვალისწინებული.  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა გადაუდებელი საჭიროება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოახდინოს სწრაფი რეაგირება, რომ აღნიშნული ცვლილებები არ იყოს ზიანის მომტანი და პირიქით, სარგებლის მომტანი იყოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ორი საჭიროება გაჩნდა.

„პირველი – გაჩნდა საკანონმდებლო და რეგულაციური ვაკუუმი, როდესაც უნდა გაიმიჯნოს და განისაზღვროს ასაკი, პროფესიები და სხვა ფაქტორები, ვისზეც არ გავრცელდება ეს, მაგალითად, სამუშაო საათებში გარკვეული პროფესიების მქონე ადამიანზე და ა.შ“, – ამბობს მინისტრი.

მეორე მხირვ კი, მისი ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებას გაუჩნდა საჭიროება, პრევენციის და რეაბილიტაციის არსებული პროგრამა ბევრად მოცულობითი და სწრაფ შედეგზე ორიენტირებული გახადოს.